საზოგადოება
51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლების დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი ამ ეტაპზე არ დგას - მიხეილ ჩხენკელი
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის თქმით, თბილისის 51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლების დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი, ამ ეტაპზე არ დგას.
ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ველოდებით გამოძიების დასრულებას. გამოძიება გამოავლენს ყველა ფაქტს ამ გარემოების გარშემო და გამოძიების დასრულების შემდეგ ვისაც მიუძღვის ბრალი ამ სიტუაციაში, მას ყველას მოეთხოვება პასუხი, მაგრამ ამ ეტაპზე კონკრეტულად დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას, რამეთუ გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის“, - განაცხადა ჩხენკელმა.
1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის დაპირისპირების დროს დაიჭრა 51-ე სკოლის ორი მოსწავლე, ერთი მათგანი, ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაჭრილი მოზარდი, დათო სალარიძე 2 დეკემბერს „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გარდაიცვალა.
მონიკა დავლიანიძე