უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
სამართალი
ადვოკატი უწყებათაშორისი კომისიის პოზიციას უნდობლობას უცხადებს 15.08.2012 17:55

საქართველოს უწყებათაშორისმა კომისიამ სსიპ ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღის“ დირექტორის მოადგილის თამარ კაიკაციშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი წარდგენილი მტკიცებულებების და ფაქტობრივი მასალის გარეშე შეაფასა, იხელმძღვანელა მხოლოდ განათლების სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძვლით და საქმე განუხილველად დატოვა, _ ამის შესახებ დღეს ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთ–ერთმა დამფუძნებელმა, ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მოსარჩელე მხარის სახელზე გაგზავნილ წერილში ბოკერიას კომისია მხოლოდ თანმიმდევრობით გადმოსცემს ისედაც ცნობილ ფაქტებს, თუ რა სამართლებრივი აქტები მიიღო დირექტორმა დავით მჭედლიშვილმა, რათა თანამდებობიდან ჩამოეშორებინა მოადგილე.

,,კომისია საქმეს განუხილველად მიიჩნევს, რადგანაც კანონიერად თვლის კოლეჯის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას თამარ კაიკაციშვილის მიმართ დისციპლინარული სახდელის – გაფრთხილების შესახებ და აბსოლუტურად იგნორირებულია, როგორც გაფრთხილების, ასევე გათავისუფლების თანმდევი პროცესი და დამდგარი შედეგის მართლზომიერების, კანონიერების, გამომწვევი მიზეზების შეფასება და საკითხი“, _ განაცხადა კაიკაციშვილმა და დასძინა, რომ კომისია არად აგდებს რეალურ მოტივებს, რაც წინ უძღოდა თამარ კაიკაციშვილის გათავისუფლებას, აუდიო მტკიცებულებებს, სამხილებს, არგუმენტაციას და თავიდან იცილებს ამ რეზონანსული საქმის განხილვას. ადვოკატი უნდობლობას უცხადებს უწყებათაშორის კომისიას, თუმცა ღია წერილით მიმართავს და მოითხოვს, კომისიამ თავიდან იმსჯელოს და მიუკერძოებლად განიხილოს საქმე, საქმის განხილვას ჩამოშორდეს საქმესთან დაინტერესებული იურიდიული პირი – განათლების სამინისტრო.

,,განათლების სამინისტროს კომისიაში წარმოადგენს მინისტრის მოადგილე ირინა ქურდაძე, რომლის კაბინეტშიც, ჩვენი ინფორმაციით, უშუალოდ დაიგეგმა თამარ კაიკაციშვილის სამსახურიდან გაგდება, რაც ლალი ებანოიძემ გაახმოვანა კიდეც“, _ აღნიშნა კაიკაციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თამარ კაიკაციშვილი 19 ივნისს კოლეჯის დირექტორმა, ოფიციალური ვერსიით, `სასწავლო პროცესში დაშვებული ხარვეზების~ გამო გაათავისუფლა, რაც თამარ კაიკაციშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 17 ივლისს გაასაჩივრა. დავის საგანს დირექტორის მიერ მიღებული ინდივიდუალურ–ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა და პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვა წარმოადგენს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში პირველი განმხილველი სხდომა სექტემბერშია ჩანიშნული. საქმეს მოსამართლე თემურ გოგოხია განიხილავს.