გალის ე.წ. პროკურატურის განცხადებით, ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ გალში 28 მაისს მომხდარ ინციდენტში, რომლის შედეგადაც ე.წ. მილიციის ორი თანამშრომელი და ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი დაიღუპა, საქართველოს ტერიტორიიდან გადასულმა დივერსიულმა ჯგუფმა ჩაიდინა.
,,აპსნი პრესის” ცნობით, დივერსიული ჯგუფი ქართული სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა. მოწმეების განცხადებით, დამნაშავეები საქართველოდან ჩავიდნენ და ერთმანეთში ქართულ ენაზე ურთიერთობდნენ.
უფრო ადრე, მიმდინარე წლის მარტში გალის რაიონში მალხაზ რურუა დააკავეს, რომელმაც, აფხაზური მხარის მტკიცებით, აღიარა, რომ მისი დივერსიული ჯგუფი 4 წევრისგან შედგებოდა და ისინი აფხაზეთში ბუავას ლიკვიდაციისთვის იქნა გაგზავნილი. ეს ჯგუფი კი ადრე “ტყის ძმების” შემადგენლობაში შედიოდა.
შეგახსენებთ, რომ 28 მაისს გალში, კაფე "კონკიაში" ორი უცნობი პირი შეიჭრა და "კალაშნიკოვის" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო სროლა ატეხა. მიღებული ჭრილობების შედეგად მილიციის მაიორი ლეონიდ კვიცინია და გამომძიებელი დევი ბუავა, ასევე სოფელ ნაბაკევის მცხოვრები გულთაზი ყოლბია დაიღუპნენ.



















