უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
კონფლიქტის ზონა
აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ფილიპ ლეფორს შეხვდა 04.05.2012 17:54

დღეს აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ვალერი ბრანბა ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, ფილიპ ლეფორს შეხვდა. ამის შესახებ ,,აპსნი პრესი” იუწყება.

"ჩვენ დიალოგისთვის მზად ვართ. პირდაპირი კონტაქტები და შუამავლების გარეშე დიალოგი წინ წაგვწევს", - აღნიშნა შეხვედრაზე ბრანბამ.

ამასთან, მან მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ევროკავშირი და დასავლელი პოლიტიკოსები არცთუ გულუხვები არიან აფხაზეთის შესახებ ობიექტურ ინფორმაციაში. თუმცა იმედი გამოთქვა, რომ აფხაზეთის ირგვლივ არსებული ვითარების ობიექტური შეფასება მოხდება.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ფილიპ ლეფორმა განაცხადა, რომ რეგულარული შეხვედრები სხვადასხვა საკითხების განსახილველად სასარგებლოა.

ბრანბას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთმა გადაიტანა ომი, უკვე 20 წელია დამოუკიდებლად ცხოვრობს და ვითარდება, დასავლეთის და ევროკავშირის სტრატეგია მასთან მიმართებაში არ იცვლება, უფრო მეტიც გამოიყენება ორმაგი სტანდარტები.

"ჩვენ ამ 20 წლის განმავლობაში, აფხაზეთთან მიმართებაში ევროკავშირის და დასავლეთის პოლიტიკაში ცვლილებები ვერ დავინახეთ. ჯერჯერობით ევროკავშირის ყველა გადაწყვეტილება და პოლიტიკოსების განცხადებები თბილისის მოსაზრებებზეა დაფუძნებული", - განაცხადა ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარემ.