აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ირაკლი ხინტბას განცხადებით, აფხაზეთის მოქალაქეებს რიგი ქვეყნები ქართული ნეიტრალური პასპორტების მიღებას აიძულებენ, რათა აფხაზებმა საზღვარგარეთ წასვლა სხვა დოკუმენტებით ვერ შეძლონ.
მისი თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილება ქართული ნეიტრალური პასპორტების აღიარების თაობაზე, არაკონსტრუქციული გადაწყვეტილებაა.
ხინტბა მიიჩნევს, რომ ამ დოკუმენტების აღიარება კონფლიქტის დარეგულირებასთან არაფერ კავშირშია.
აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, ქართული კანონმდებლობის თანახმად, ნეიტრალური პასპორტი, აფხაზეთის მოქალაქეობას გამორიცხავს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ ამერიკის საელჩოები უახლოეს მომავალში, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ადამიანების ნეიტრალურ დოკუმენტებს მიიღებენ.


















