აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 9 ივლისს საქართველოს შესახებ მიღებული რეზულაციის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ამის შესახებ ადფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მასში ნათქვამია, რომ ნებისმიერი საერთაშორისო დოკუმენტი სიტუაციის რეალურ შეფასებას უნდა ეყრდნობოდეს.
,,აფხაზეთი არის სუვერენული სახელმწიფო, რომელიც გაეროს ექვსმა წევრმა ქვეყანამ აღიარა. აქედან გამომდინარე, რეზოლუციაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მთლიანად იგნორირებას უკეთებს იმ პოლიტიკურ რეალობას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შეიქმნა"-ნათქვამია განცხადებაში.
აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყება მიიჩნევს, რომ ტერმინის ,,ტერიტორიის ოკუპაციის” გამოყენება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში მიუღებელი და არასწორია.
,,რაც შეეხება რეზოლუციაში აღნიშნულ განცხადებას იმის შესახებ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაშვება უნდა მოხდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე, ეს არის იურიდიულად უსაფუძვლო და ეწინააღმდეგება მედვედევ-სარკოზის შეთანხმებას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია არ ასახავს აფხაზური და სამხრეთ ოსური მხარეების მოსაზრებებს. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ეუთოს მიერ მიღებული რეზოლიცია არის არაობიექტური და ანგაჟირებული”-ნათქვამია ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 9 ივლისს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უნდა შეასრულოს. ეუთო მოსკოვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის დამკვირვებლების დაშვების და დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესებისკენაც მოუწოდებს.


















