აგვისტოს ომმა ნათლად აჩვენა ხელისუფლების უპასუხისმგებლობა და უუნარობა _ ~დემოკრატიული მოძრაობა~
08.08.2012 14:15
ნინო ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიული მოძრაობა“ აგვისტოს ომის მეოთხე წლისთავს ეხმაურება. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, აგვისტოს ომის შედეგად ქვეყანამ ტერიტორიების 20 პროცენტი დაკარგა, შეეწირა ასობით ჯარისკაცისა და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე.
`აგვისტოს ომმა ნათლად აჩვენა ხელისუფლების უპასუხისმგებლობა და უუნარობა სწორად გაეანალიზებინა პოლიტიკური სიტუაცია, ქვეყნისათვის ავბედით ჟამს მიეღო სწორი გადაწყვეტილება და დღეს არ მდგარიყო უცხო ქვეყნის ტანკები დედაქალაქიდან ორმოციოდე კილომეტრში.
2008 წლის 8 აგვისტოს ტრაგედიამ კიდევ უფრო ჩატეხა ხიდი, რომელიც ქართველებს, აფხაზ და ოს ძმებთან აერთიანებდა, კიდევ უფრო გააღრმავა ტკივილი და წყენა, კიდევ უფრო დაგვაშორა აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრებისა და ქვეყნის ერთობლივად შენების პერსპექტივას.
აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ჩვენ დაღუპულ ქართველ, ოს და აფხაზ თანამემამულეებს ერთად დავიტირებთ და ღირსეულ პატივს მივაგებთ. ჩვენ ჩვენი ერთად ყოფნით აღარასოდეს დავუშვებთ ამგვარი ტრაგედიის განმეორებას~, - ნათქვამია განცხადებაში.
`ქართველებმა, ოსებმა და აფხაზებმა ერთად უნდა გამოვნახოთ ჩვენში ძალა დავძლიოთ გაუცხოება, ვაღიაროთ დაშვებული შეცდომები, გადავდგათ ერთმანეთისკენ ნაბიჯი, შევუმსუბუქოთ ერთმანეთს ტკივილი. მხოლოდ ეს შეიძლება დაედოს საფუძვლად ჩვენს მომავალ ღირსეულ თანაცხოვრებას, მხოლოდ ასე მოვახერხებთ გავაძლიეროთ ჩვენი ხალხები და ერთობლივად ვაშენოთ ჭეშმარიტად ღირსეული და ერთიანი სახელმწიფო~. – ნათქვამია “დემოკრატიული მოძრაობის” განცხადებაში.


















