პოლიტიკა
აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია და განლაგება ღია რეკლამით - გუგული მაღრაძე
დღეს ჯანდაცვის კომიტეტი მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილავს კანონპროექტს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“. დეპუტატმა გუგული მაღრაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ თამბაქოზე რეგულაციის დაწესების შემდეგ, აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის ღია რეკლამა, მათ შორის ბილბორდებზე.
„კანონის მიღების შემდეგ აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარების, თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების რეალიზაცია და განლაგება ღია რეკლამით. დახურული უნდა იყოს „ბოქსები“. ახლა გამოფენილი რომ არის ნაირ-ნაირი სიგარეტები, დახურული უნდა იყოს. აიკრძალება ასევე რეკლამა ბილბორდებზე. ხშირად ვითვლი ხოლმე 10 ბილბორდიდან რამდენზეა სიგარეტის რეკლამა, დაახლოებით 6-7-ზე არის სიგარეტის რეკლამა“, - განაცხადა მაღრაძემ კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას.
მთავრობის შენიშვნაზე, რომ აღნიშნული აკრძალვა სარეკლამო ბიზნესზე უარყოფითად აისახება, მაღრაძემ უპასუხა, რომ ბილბორდები სხვა სახის რეკლამისთვის გათავისუფლდება.
„იყო შენიშვნა მთავრობის მხრიდანაც, ხომ არ დააზარალებს ეს სარეკლამო ბიზნესს. ამაზეც არსებობს კვლევები და აღმოჩნდა, რომ არანაირი ზიანი არ მიადგება. გვახსოვს გამოთქმა, რომ წმინდა ადგილი ცარიელი არ რჩება, ანუ ის ბილბორდები ცარიელი არ დარჩება, სხვა ტიპის რეკლამები წავა. ვაძლევთ დროს, რომ თამბაქოს ინდუსტრიაც შეეგუოს სიახლეებს. გარდა ამისა, სხვა ბიზნესის წარმომადგენლებმა იცოდნენ, რომ გათავისუფლდება ბევრი ბილბორდი, სადაც მათ შეეძლებათ რეკლამის განთავსება. იკრძალება თამბაქოს ნაწარმის ლატარიებისა და გათამაშებების მოწყობა, რაც ასევე რეკლამას წარმოადგენს. საჩუქრის გაცემა და ა.შ“, - აღნიშნა მაღრაძემ.
მისი თქმით, უნდა აიკრძალოს იმ ნაწარმის გავრცელება, რომელიც თამბაქოს ფორმითაა წარდგენილი.
„ვკრძალავთ თამბაქოს არაპირდაპირი წესით პროპაგანდასაც, მაგალითად აქ შეიძლება იყოს ტკბილეული ან ისეთი სათამაშო, რომელიც თამბაქოს ნაწარმის იმიტაციას ახდენს“, - განაცხადა დეპუტატმა.
მაღრაძემ აღნიშნა, რომ ელექტრონული სიგარეტი თამბაქოს სხვა ნაწარმებზე არანაკლებ მავნებელია.
ანა მებურიშვილი