უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
საზოგადოება
“ახალგაზრდა ადვოკატები” სასჯელაღსრულების მინისტრს ხუთ შეკითხვას უსვამენ 04.07.2012 18:07

არასამთავრობო უფლებადაცვითი ორგანიზაციის “ახალგაზრდა ადვოკატების” განცხადებით, საქართველოს საზოგადოებას ჰქონდა მოლოდინი, რომ საქართველოს განახლებულ მთავრობაში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის კანდიდატურა ჩანაცვლებული იქნებოდა ახალი კადრით ამ სფეროში არსებული პრობლემების, ხარვეზებისა და კრიტიკული შეფასებებიდან გამომდინარე.

ვინაიდან ხათუნა კალმახელიძე ისევ უხელმძღვანელებს ამ უწყებას, “ახალგაზრდა ადვოკატები” მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო აგრძელებს მკაცრი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკას და ნულოვანი ტოლერანტობის მხარდაჭერას. მათ ხუთი შეკითხვა აქვთ სასჯელაღსრულების მინისტრთან.

შეკითხვებს ისინი ხვალ დაარეგისტრირებენ განცხადების სახით სამინისტროში და საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებულ ათდღიან ვადას დაელოდებიან. როგორც “ახალგაზრდა ადვოკატების” იურისტი - რუსუდან მიქავა აღნიშნავს, ეს კითხვები გამომდინარეობს სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიშიდან, რომელშიც საუბარია საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებულ არასახარბიელო მდგომარეობაზე.

“ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელის - არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ახალი მინისტრის მანდატის შემთხვევაში საზოგადოებაში გაჩნდებოდა განცდა, რომ საქართველოს სასჯელაღსღრულება დაბრუნდებოდა სამართლებრივ რელსებზე და ადამიანის უფლებების კუთხით გატარებული ღონისძიებები პატიმრებსაც და მათ ახლობლებსაც მშვიდი ცხოვრების საშუალებას მისცემდა.

“ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის” კვლევითა და დადასტურებით საქართველოს ჰყავს პოლიტიკური პატიმრები. საინტერესოა, რას აპირებს ახალი უფლებამოსილების მანდატში ხათუნა კალმახელიძე. 113 ადვოკატის ციხეში ყოფნა ხომ არ ნიშნავს ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციურ დევნას? ამ ყველაფერზე არის საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი და სწორედ ამიტომ ვუსვამთ ამ შეკითხვებს სასჯელაღსრულების მინისტრს”, - განაცხადა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა და საზოგადოებას ის შეკითხვები გააცნო, რომლებსაც ხვალ გაუგზავნიან სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს. ეს შეკითხვებია:

1 აპირებს თუ არა მინისტრი, გადახედოს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა საქმეებს და მიიღოს მათი ვადაზე ადრე გათავისუფლების გადაწყვეტილება?

2. აპირებს თუ არა, გადახედოს 113 პატიმარი ადვოკატის საქმეებს და მიიღოს მათი ვადაზე ადრე გათავისუფლების გადაწყვეტილება?

3. ემხრობა თუ არა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ამნისტიის იდეას?

4. როგორ აპირებს, უზრუნველყოს ციხეებში გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება და თუ მიეცემა არასამთავრობო სექტორს დაკვირვებისა და მონიტორინგის საშუალება?

5. დაასახელოს ახალი უფლებამოსილების მანდატში ახალი პრიორიტებები და განახორციელებს თუ არა იმ ცვლილებებს, რომლებიც უკვე რეფორმების სახით მიმდინარეობს.