პოლიტიკა
ახალი კონსტიტუციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფორმირება ცენტრთან შეთანხმების გარეშე მოხდება - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი საკონსტიტუციო ჩანაწერით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფორმირება, ახალი მინისტრების დანიშვნა ცენტრალურ მთავრობასთან შეთანხმებას აღარ საჭიროებს. ამის შესახებ კობახიძემ ბათუმში, კონსტიტუციის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე თქვა.
კობახიძემ აღნიშნა, რომ მოწესრიგებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მოწყობის პრინციპები, ეს ასევე ეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მარეგულირებელ ნორმებსაც.
კობახიძის თქმით, რესპუბლიკის ფუნქციონირების, ზოგადი პრინციპები უცვლელი დარჩა, მისი სტატუსი და მისი ძირითადუი ნიშნები ძალაში რჩება.
რაც შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებებს, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გამოსწორებულია ამ საკითხის იურიდიული ხარვეზები. კობახიძის განმარტებით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შეუძლია, განახორციელოს ნებისმიერი უფლებამოსილება, რომელიც არ განეკუთვნება ან სახელმწიფო ხელისუფლების, ან ადგილობრივი თვითმმართველობის განსაკუთრებულ კომპეტენციებს, რაც გამორიცხავს უფლებამოსილებების გადაფარვის პრობლემას.
ანა მებურიშვილი