უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
არქივი
საზოგადოება
ახალი რეგულაციებით, ბავშვსა და მშვილებელს შორის ასაკობრივი სხვაობა 16-დან 50 წლამდე განისაზღვრება
დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონი.
ახალი რეგულაციების თანახმად, გასაშვილებელ ბავშვსა და მშვილებელს შორის ასაკობრივი სხვაობა განისაზღვრა. ის 16 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს. 10 წლამდე ბავშვის გაშვილების შემთხვევაში, მშვილებელსა და მას შორის ასაკობრივი სხვაობა 45 წელს არ უნდა აღემატებოდეს. 7-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, გამონაკლის შემთხვევაში, დასაშვებია, ბავშვსა და მშვილებელს შორის ასაკობრივი სხვაობა 45-დან 50 წლამდე იყოს.
გარდა ამისა, შვილის აყვანის მსურველებმა უნდა გაიარონ სპეციალური მოსამზადებელი კურსები, რომლის დასრულების შემდეგ მათ სპეციალური სერტიფიკატები გადაეცემათ და მათი აღრიცხვა ხდება შვილად აყვანის მსურველი პირების გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა ერთიან რეესტრში.
მიღებული კანონით შვილის აყვანისა და მინდობით აღზრდის უფლება ექნებათ საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირებს, რომელსაც სურს საქართველოში ან/და უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად აყვანა; უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ პირს, რომელსაც სურს საქართველოდან ბავშვის შვილად აყვანა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირს, რომელსაც სურს საქართველოში ბავშვის მინდობით აღზრდა.
ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის უფლება არ ექნეათ პირებს, რომლებიც არიან ნასამართლევი კანონში მითითებული სისხლის სამართლის მუხლების მიხედვით.
ცალკე განისაზღვრა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვი. ამაში იგულისხმება როგორც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის, ასევე ჯანმრთელობის ან ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვი. ამ კატეგორიაში მყოფი ბავშვის აყვანის ან მინდობით აღზრდის მსურველებმა შესაბამისი წესით უნდა იყვნენ გადამზადებული.
გარდა ამისა, განისაზღვრა ე.წ. მიტოვებული ბავშვის სტატუსი, რომლის 24-საათიან სახელმწიფო ზრუნვაში ყოფნის ხანგძლივობა 3 თვეს აღემატება.
ანა მებურიშვილი