პოლიტიკა
„ახალი საქართველო“ ხელისუფლებას შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე ულტიმატუმს უყენებს
სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ლიდერები მთავრობას ულტიმატუმს უყენებენ.
როგორც პლატფორმის ლიდერებმა პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, ხელისუფლებას აქვს ორკვირიანი გონივრული ვადა, გადადგას ქმედითი ნაბიჯები და ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანოს.
როგორც „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ჩალაგაშვილმა განაცხადა, ქვეყანაში უმძიმესი მდოგმარეობაა შექმნილი და აღარ არის პოლიტიკური კეკლუცობის დრო.
„ჩვენმა ხელისუფლებამ ნაცვლად სწრაფი ეკონომიკური განვითარების გეგმისა, შემოგვთავაზა სწრაფი, დამანგრეველი 10-პუნქტიანი გეგმა. ჩვენ, ხელისულფებას ვუყენებთ ულტიმატუმს და ვაძლევთ მათ 2-კვირიან ვადას, სასწრაფოდ გაიწვიონ 10-პუნქტიანი დამანგრეველი გეგმა და ქვეყანას შესთავაზონ სწრაფი და ქმედითი ნაბიჯები, რომლითაც საქართველოს მოსახლოება შესძლებს ამოისუნთქოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი გუნდი მოითხოვს ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის გადადგომას“,-აღნიშნა ჩალაგაშვილმა.
ლევან ხაბეიშვილის თქმით კი, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მზად არიან ოპოზიციასთან, სამოქალაქო სექტორთან ერთად წინააღმდეგობრივი მოძრაობა შექმნან.
„პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ოპოზიციასთან ერთად, სამოქალაქო სექტორთან ერთად, რიგით მოქალაქეებთან ერთად, დავიწყებთ სამოქალაქო, წინააღმდეგობრივი მოძრაობის ფორმირებას, რომელიც უზრუნველყოფს სამთავრობო დაწესებულებების პიკეტირებას, პერმანენტულ და ფართომასშტაბიან აქციებს. ორკვირიანი ვადა, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ ხელისუფლებას არის ის გონივრული ვადა , რის გამოუყენებლობის შემთხვევაში ჩვენ უკვე გადავალთ ამ წინააღმდეგობრივი მოძრაობის ფორმირებაზე“,-აღნიშნა ხაბეიშვილმა.
მონიკა დავლიანიძე