ალექსანდრე ანქვაბი: ვისაც აფხაზეთთან თანამშრომლობა სურს, მაგალითი რუსეთისგან უნდა აიღოს
27.06.2012 18:38
აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით, მათ ვისაც აფხაზეთთან თანამშრომლობა სურს, მაგალითი რუსეთისგან უნდა აიღოს.
,,აპსნი პრესის” ინფორმაციით, ამის შესახებ დღეს აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია "შერიგების რესურსების" პროგრამების დირექტორებთან, ჯონათან კოენსა და რეიჩელ კლოგთან შეხვედრისას განაცხადა.
მათ დე-ფაქტო პრეზიდენტს ანალიტიკური დასკვნა წარუდგინეს, რომელიც ევროკავშირის ფინანსური დახმარებით მომზადდა და ის საქართველო-აფხაზეთს შორის კონფლიქტს ეძღვნება.
შეხვედრაზე განიხილეს დასავლეთის ქვეყნების პოზიცია აფხაზეთთან მიმართებაში და ოკუპირებულ აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციების მოღვაწეობა.
"ჩვენ არ გვაქვს განსაკუთრებული ინტერესი შეხვედრები გავმართოთ დიპლომატებთან, რომლებიც საქართველოში არინ აკრედიტებულები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც ქართული მხარის პოზიციას ახმოვანებენ. თუ მათ სურთ აფხაზეთთან თანამშრომლობა, მათ უნდა შეცვალონ ჩვენს მიმართ დამოკიდებულება და მაგალითი აიღოს რუსეთისგან, რომელიც მხარს გვიჭერს და გვეხმარება", - აღნიშნა ანქვაბმა.



















