ალექსანდრე გრიგოლიას ექსტრადირების პროცედურებს სამი კვირა დაჭირდება
04.05.2012 11:32
ჰოლანდიელი სამართალდამცავების ინფორმაციით, ალექსანდრე გრიგოლიას საქართველოდან ჰოლანდიაში ექსტრადირებისთვის საჭირო პროცედურებს, სავარაუდოდ, სამი კვირა დასჭირდება, რის შემდეგაც ეჭვმიტანილს ჩვენების მიცემა უკვე ჰოლანდიელი სამართალდამცველებისთვის მოუწევს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამ დრომდე ჰააგის პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფება გრიგოლიას თანამზრახველიც, რომელიც ორი დღის წინ დააკავეს. ჰააგაში არიან დაკავებული გრიგოლიას ოჯახის წევრებიც.
სავარაუდოდ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო გრიგოლიასთვის წინაწარი პატიმრობის შეფარდების საკითხს განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ გრიგოლიამ რამდენიმე დღის წინ თანამზრახველ ზია ბორუკჩუსთან ერთად, საიუველირო მაღაზიას თავს დაესხა და იუველირი მოკლა.
მაღაზიაზე თავდასხმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. მასალაზე ნაჩვენებია, როგორ შედის ორი ადამიანი მაღაზიაში, იუველირს იარაღით ემუქრება და შემდეგ ესვრის.
გუშინ ალექსანდრე გრიგოლია საქართველოში ჰოლანდიის საელჩოს საკუთარი ნებით ჩაბარდა და ქართველ სამართალდამცავებს აღიარებითი ჩვენებაც მისცა.
ეჭვმიტანილი სამართალდამცავებს პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში ჰყავთ დაკავებული.



















