საზოგადოება
ამ კანონით ხელისუფლება უკანონო მოსმენების შესაძლებლობას იმყარებს - თამარ კორძაია
რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივნის თამარ კორძაიას განცხადებით, ხელისუფლება ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული ახალი კანონის დამტკიცებით იმყარებს უკანონო მიყურადების შესაძლებლობას.
როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სპეციალური სააგენტოს, რომელიც უნდა შეიქმნას აღნიშნული კანონის ფარგლებში, დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან ის დაექვემდებარე კონტროლს სხვადასხვა უწყების მხრიდან.
„ასეთი სისტემაა. ერთპიროვნულ მოსამართლეს, რომელიც ე.წ. გასაღებს ფლობს, ნიშნავს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე. ასევე ნდობის ჯგუფის ერთ წარმომადგენელს, რომელსაც ნდობის ჯგუფი აარჩევს, აქვს უფლება, შევიდეს და შეამოწმოს ამ სააგენტოს საქმიანობა. რატომ ერთი და არა მთლიანად ნდობის ჯგუფი? მეორე, აქვს თუ არა პარლამენტის წევრს ისეთი ტექნიკური ცოდნა, რომ მივიდეს და გაიგოს, როგორ ხდება ყველაფერი. შემდგომ სუს-ის უფროსი წარადგენს პრემიერ-მინისტრს ამ სააგენტოს უფროსის კანდიდატურას და ყოველგვარი საზოგადოებრივი ჩართულობის, ღიაობის გარეშე დაინიშნება ეს პირი. ერთი სიტყვით, თითქოს დამოუკიდებელი ორგანოს სახით შექმნილ სააგენტოს გააკონტროლებს ცალკე მთავრობა, ცალკე სუს-ი, ცალკე სასამართლო და პასუხისმგებელი არავინ არ იქნება, ისეა გადანაწილებული ფუნქციები“, - აცხადებს კორძაია.
კორძაიას აზრით, საგანგაშოა, ახალი სააგენტოს ფარგლებში გათვალისწინებულ აუდიტის სამსახურს შესაძლებლობა ექნება, ჩაერიოს მობილური ოპერატორების საქმიანობაში.
„ყველაზე საგანგაშო ამ ვითარებაში არის ის, რომ ჯერ ერთი, ძალიან ბევრი ბუნდოვანი მუხლია კანონპროექტში. აუდიტის უფლებამოსილება ამ სააგენტოში გაწერილი არაა, მაგრამ სააგენტოს აქვს უფლება, ის აუდიტი გააგზავნოს მობილურ ოპერატორებთან, ანუ ავტორიზებულ პირებთან, შევიდეს და შეამოწმოს მისი საქმიანობა, რისი უფლება დღეს არ აქვს. პრინციპში, საკუთარ უფლებებს აფართოებენ და წარმოუდგენელია, რა ზეწოლის ქვეშ იქნებიან ავტორიზებული პირები მომავალში“, - ამბობს კორძაია.
რესპუბლიკელების წევრის თქმით, მოსმენებთან დაკავშირებული კანონის განხილვაში არ იყვნენ ჩართულები მობილური ოპერატორები, რადგან ეს მთავრობის ინტერესებში არ შედის.
„ძალიან სამწუხაროა, როდესაც სწორედ მობილურ ოპერატორებს არ ეკითხებიან ამას, რადგან თუ ვინმეს აქვს შესაბამისი ტექნიკური გამოცდილება და ცოდნა, სწორედ ისინი არიან. ამიტომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება ხელიდან არ უშვებს შანტაჟზე აგებულ სისტემას“, - ამბობს „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივანი.
კითხვაზე, რა შეუძლია ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტს, კორძაიამ უპასუხა, რომ მის ჩართულობას დიდი პერსპექტივა არ ექნება. კორძაიას აზრით, პირველი პირის მიერ დადებულ ვეტოს საპარლამენტო უმრავლესობა ადვილად გადალახავს, როგორც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის შემთხვევაში.
ანა მებურიშვილი