ამერიკული სპორტული მანქანების შემქმნელი გარდაიცვალა
13.05.2012 17:16
ამერიკული სპორტქარების შემქმნელი კეროლ შელბი გარდაიცვალა. თავისი კარიერის მანძილზე მან მოახერხა, სამ ამერიკულ ავტოგიგანტ კომპანიასთან ეთანამშრომლა. ესენია: „Ford“, „Chrysler“ და „General Motors“. მისი, როგორც კონსტრუქტორის კარიერა, გასული საუკუნის 60–იან წლებში „Ford“–თან თანამშრომლობით დაიწყო. მისი უკანასკნელი ნამუშევარი ამ კომპანიისათვის 2013 წლის წლის ვერსიის ავტომანქანა „Shelby GT500“ გახდა.
კეროლ შელბის მიერ შექმნილი ავტომანქანების წყალობით ავტოსპორტში ამერიკული ავტოინდუსტრიის პრესტიჟი საგრძნობლად ამაღლდა. იმ დროისათვის დარგში ევროპელი ავტომწარმოებლები ლიდერობდნენ.
შელბის მიერ შექმნილი ავტომანქანებიდან ყველაზე ცნობილი „Shelby Cobra“ იყო, რომელიც 1962 წელს გამოვიდა. მისი პირველი ვერსია იმავე წელს ნიუ–იორკის ავტოშოუზე სერიული გამოშვების ყველაზე სწრაფ ავტომანქანად მიიჩნიეს. 1970 წელს შელბი სამუშაოდ კომპანია „Chrysler“–ში გადავიდა, სადაც მისი მონაწილეობით კომპაქტური და საშუალო ზომის ავტომანქანები შეიქმნა. მოგვიანებით კი კი მან საქმიანობა კომპანია „General Motorsს“–ში, კერძოდ, მის განყოფილება „Oldsmobile“–ში განაგრძო.
კეროლ შელბი მსოფლიოში ერთ–ერთ საუკეთესო ავტოკონსტრუქტორად მიიჩნევა.

















