ანზორ ქოქოლაძის სასამართლო პროცესი გადაიდო
01.05.2012 13:34
`ელიტ-ელექტრონიქსის" დამფუძნებლისა და ყოფილი მფლობელის ანზორ ქოქოლაძის სასამართლო პროცესი გადაიდო და ის 11 მაისს, 11:00 საათზე განახლდება.
დღევანდელ პროცესზე მხარეებს დასკვნითი სიტყვა უნდა ეთქვათ, თუმცა საქმეში ახლად ჩართული პროკურორი, ლაშა ხაშილაძე გამოვიდა შუამდგომლობით, რომ საქმეში ახლად ჩართულობის გამო დრო სჭირდებოდა დასკვნითი სიტყვის მომზადებისთვის. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პროცესი გადადო.
"ელიტ-ელექტრონიქსის" ყოფილი დამფუძნებლის, ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძისა და მისი ოჯახის წევრების, მალხაზ ნაგერვაძის, თენგიზ ნაგერვაძისა და ლევან დუმბაძის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გამართულიყო. პროცესზე პროკურორს დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოეთქვა.
ანზორ ქოქოლაძე და მისი ოჯახის წევრები წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ.
ანზორ ქოქოლაძე 2010 წლის 3 აგვისტოს დააპატიმრეს. განაჩენი გამოტანილია 2011 წლის 21 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ (მოსამართლე ნინო ელიეშვილი);
ახალი ბრალი მას და მისი ოჯახის წევრებს წარედგინა --2011 წლის 13 დეკემბერს; შესაბამისად ახალი, დამატებითი ბრალდებით ქოქოლაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილება.
ცნობისთვის: ანზორ ქოქოლაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად მითვისების ბრალდებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2010 წლის 3 აგვისტოს დააკავა. თბილისის საქალქო სასამართლომ მას 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
2011 წლის 13 დეკემბერს კი ახალი, სახელმწიფო გადასახადების დამალვის ბრალდება წაუყენეს.


















