საზოგადოება
არ მივცემ პარტიულ ტელევიზიას იმის შესაძლებლობას, რომ მოქალაქეები შეიყვანოს შეცდომაში - კახა კალაძე
თბილისის მერმა კახა კალაძემ უპასუხა „რუსთავი 2“-ს საახალწლო განათებებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მთავარი ნაძვის ხე არა თავისუფლების მოედანზე, არამედ პარლამენტის წინ იქნება, ხოლო მისი განათებების ოფიციალური ჩართვა ხვალ მოხდება.
„პარლამენტის წინ არის ნამდვილად მთავარი ნაძვის ხე და არა ის, რაც ერთ-ერთმა პარტიულმა ტელევიზიამ დღეს გააჟღერა ნაძვის ხესთან დაკავშირებით.
15-ში იქნება ოფიციალურად საახალწლო განათებების ჩართვა. მორთვითი სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.
15-ში ყველაფერი იქნება გამზადებული
ძალიან კარგია ის, რომ არსებობს ფეისბუკი, არის იმის შესაძლებლობა, რომ კონკრეტულ პარტიულ ტელევიზიებს არ მივცეთ საშუალება, დედაქალაქში მცხოვრები ადამიანები შეიყვანონ შეცდომაში “, -თქვა კალაძემ ფეისბუკის ლაივის ჩართვისას.
კალაძემ უარყო, რომ თავისუფლების მოედანზე არსებული ნაძვის ხე განათებულია „ქართული ოცნების“ ფერებში.
„მათი მხრიდან გაჟღერდა ძალიან დიდი ტყუილი, თითქოს თავისუფლების მოედანზე ნაძვის ხე განათებულია „ქართული ოცნების“ ფერებში.
ის რომ მას აწერია „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ , პირდაპირ გეტყვით, ეს არ ყოფილა მხოლოდ საარჩევნო სლოგანი. გულწრფელად ვამბობ, რომ ჩემი მიზანია, უახლოესი წლების განმავლობაში ჩვენი დედაქალაქი იყოს სიცოცხლით, სიყვარულით, სიკეთით სავსე.
უამრავი პროექტები გვაქვს დაგეგმილი, მართლაც ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება მომდევნო წლების განმავლობაში. მესმის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ სიამოვნებს ეს ყველაფერი და ბოლო დღეების განმავლობაში მაქსიმალურად ცდილობენ სისულელეები მოიგონონ ახალ წელათნ დაკავშირებით.
არ მივცემ პარტიულ ტელევიზიას, რუსთავი 2-ს იმის შესაძლებლობას, რომ მოქალაქეები შეიყვანოს შეცდომაში. მადლობა ღმერთს, დასრულდა ის დრო, როცა მათ ყველაფერი პრივატიზებული ჰქონდათ და ტელევიზიები იდო ერთი ადამიანის ჯიბეში“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ანა მებურიშვილი