საზოგადოება
არა m2-ს ! გორა ჩვენია! - მოსახლეობა და არასამთავრობოები ტერიტორიისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის მოხსნას აპროტესტებენ
უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან, ე.წ. „გორაზე“ ადგილობრივმა მოსახლეობამ და მესამე სექტორმა აქცია გამართეს. მათ გააპროტესტეს აღნიშნული ტერიტორიისთვის, კერძოდ ქავთარაძის ქუჩასა და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს შორის არსებული ტერიტორიისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის მოხსნასა და სამშენებლო კომპანია m2-ის მიერ აქ დაგეგმილ მშენებლობას.
არასამთავროიბო ორგანიზაციის „ინიციატივა საჯარო სივრცისათვის“ წარმოამდგენლის, ანანო ცინცაბაძის თქმით, მესამე სექტორი ამ გადაწყვეტილების უკანონობას საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცებს.
„ჩვენ ვგეგმავთ, დავესწროთ საკრებულოს სხდომას და დავასაბუთოთ, რომ არ არსებობს სამართლებრივი წინაპირობები ზონის შეცვლისათვის. იმედი გვაქვს, საკრებულო ჩვენს დასაბუთებებს გაითვალისწინებს“, - განაცხადა ცინცაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ სამშენებლო კომპანია m2 ქავთარაძის ქუჩასა და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს შორის გეგმავს 4 ოცსართულიანი კორპუსისა და 400-ადგილიანი მიწისზედა პარკინგის მშენებლობას. ის ტერიტორია, სადაც მშენებლობა იგეგმება, სარეკრეაციო ზონა 1-ის სტატუსს ატარებს. კანონის მიხედვით, სარეკრეაციო ზონა 1-ში მშენებლობა აკრძალულია. მიუხედავად ამისა, თბილისის მერიამ ფუნქციური ზონის შეცვლაზე დადებითი რეკომენდაცია და იქ მშენებლობის ნებართვა გასცა.
ანა მებურიშვილი