უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 ნოემბერი, 2016 15:40
font-size

არასამთავრობოები პარლამენტს, „საქართველოს რკინიგზას“ და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში, რკინიგზის სამშენებლო სამუშაოებზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებენ და სს „საქართველოს რკინიგზას“, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და საქართველოს პარლამენტს ღია წერილით მიმართავენ.

ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მუშებს შორის 3 ნოემბერს დაწყებული დაპირისპირება 9 ნოემბერს, მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმებით ამოიწურა, (ასევე შეთანხმებით დასრულდა სექტემბრის თვეში მიმდინარე გაფიცვები), დასაქმებულთა მძიმე სამუშაო პირობებისა და შრომითი ექსპლუატაციის შენარჩუნების რისკები კვლავ არსებობს.

,,აღნიშნული პროტესტების შინაარსი და მუშათა მოთხოვნები, მათი შრომითი ექსპლუატაციის სისტემურობაზე მეტყველებს. ამასთან, სახელმწიფო კონტროლის არაეფექტური მექანიზმებისა და სს „საქართველოს რკინიგზის“ მხრიდან პასუხისმგებლობის მოხსნის მცდელობის გათვალისწინებით, ისევ არსებობს დამსაქმებლის მხრიდან აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის რისკი, რამაც შესაძლოა კვლავ განაპირობოს მუშათა უფლებების განგრძობადი დარღვევა“, - ნათქვამია მიმართვაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ ანტი-ჩინური განცხადებები მჩაგვრელი პოლიტიკის სასიკეთოდ მუშაობს, რამდენადაც რასობრივ თუ ეთნიკურ ნიადაგზე წარმოქმნილი დაპირისპირებების სახელით, რეალური ეკონომიკური მოთხოვნების და სოციალური წინააღმდეგობის გადაფარვა ხდება.

ღია მიმართვის ხელმომწერები სს ,,საქართველოს რკინიგზას“ მოუწოდებენ, გამოიყენონ ,,23-ე ბიუროსთან“ ხელშეკრულებით გაფორმებული უფლებამოსილება და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, კონტრაქტორისგან მოითხოვონ დარღვევის გამოსწორება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შეწყვიტონ კონტრაქტი დაქირავებულ კომპანიასთან; პარლამენტს შრომის პირობებისა და უსაფრთხოების კონტროლის ეფექტური სისტემის დაუყოვნებლივ შექმნისკენ მოუწოდებენ, ხოლო შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს მიმართავენ, კანონით დადგენილი წესით გაასაჯაროვოს ზვარეში, სამშენებლო ობიექტზე განხორციელებული ინსპექტირების შედეგები.

ღია წერილს ხელს აწერენ ორგანიზაციები:,,პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბი'', ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ,,სოციალური აზრის ფორუმი", ,,დემოკრატიის ინსტიტუტი“, მწვანე მუშტი, ქალთა მზერა, თვითორგანიზების ქსელი, ახალგაზრდა მწვანეები, ახალგაზრდა სოციალისტები, თბილისის სოლიდარობის ქსელი, თეთრი ხმაურის მოძრაობა, ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი, Praxis / პრაქსისი, აუდიტორია 115, ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია'' (აფბა), ანალიტიკური პორტალი ,,European.ge'', ,,საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი'', ,,საქართველოს მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფეაიული კავშირი" და ,,საქართველოს მედიის პროფესიული კავშირი GMTU.

მარი ნამგალაძე

როგორ დაიწყო დაპირისპირება საკრებულოში? (ვიდეო)

24 იანვარი, 2020 , 16:45

ტვ პირველი კადრებს ავრცელებს, როგორ დაიწყო დაპირისპირება საკრებულოში – მაგრები ხართ ბიჭო, ერთ კაცს დამესიეთ?