არჩილ კბილაშვილი: ივანიშვილს 74 325 065 ლარი ჯარიმის ნებაყოფლობით გადახდის ვადა ხვალ ეწურება
25.06.2012 16:44
„ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის არჩილ კბილაშვილის ცნობით, ბიძინა ივანიშვილს სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკისრებული 74 325 065 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდის ვადა ხვალ, 24:00 საათზე ეწურება.
როგორც დღეს პრესკონფერენციაზე კბილაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა აღსრულების ეროვნული ბიუროდან გასულ სამშაბათს მიიღო ერთკვირიანი ვადა, რათა ჯარიმა ნებაყოფლობით გადაეხადა და მისი ქონების შესახებ ინფორმაცია წარედგინა.
„ვადა ხვალ იწურება და სააღსრულებლო წარმოებისთვისაც შესაბამისი პასუხი ამ ვადაში იქნება გაცემული", - აღნიშნა კბილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კონტროლის პალატის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ორი ოქმის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 ივნისს ბიძინა ივანიშვილი 126 220 190 და 22 429 941 ლარით დააჯარიმა. დაკისრებული ჯარიმების რაოდენობა ჯამში 148 650 131 ლარს შეადგენდა.
საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ივანიშვილის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სააპელაციო სასამართლომ კი საქალაქოს მიერ დაკისრებული ჯარიმა გაანახევრა და ივანიშვილს 74 325 065 ლარის გადახდა დააკისრა. „ქართული ოცნების“ ლიდერმა ჯარიმის გადახდაზე უარი ოფიციალურად განაცხადა.





















