უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
მსოფლიო
აშშ ამერიკელი პასტორის მიერ ყურანის დაწვის გამო ბოდიშს არ მოიხდის 01.05.2012 14:13

აშშ-ს ადმინისტრაცია გმობს ამერიკელი პასტორის ქმედებას, რომელმაც ყურანის ასლი საჯაროდ დაწვა, მაგრამ მისი საქციელის გამოს ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

როგორც ირკვევა, ფლორიდელმა მღვდელმა ტერი ჯონსმა კვლავ ჩაატარა ყურანის დაწვის სახალხო ცერემონია. გასულ წელს, მსგავსმა აქციამ მთელ მსოფლიოში საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია. პროტესტანტმა პასტორმა 20 მომხრესთან ერთად ყურანი ქალაქ გეინსვილში, საკუთარი ეკლესიის წინ დაწვა. აქციის დროს, მღვდელმა პატიმრობიდან მღვდელ იუსეფ ნადარხანის გათავისუფლება მოითხოვა, რომელსაც ირანში სიკვდილით დასჯა აქვს მისჯილი.

,,თქვენ იცით, როგორი დამოკიდებულება გვაქვს ნებისმიერი რელიგიური ტექსტის შეურაცხყოფის მიმართ, ასეთი ქმედებები სამწუხარო ფაქტებია. ასეთი გამოვლინებები უპატივცემულობად მიგვაჩნია. მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, არ მინდა ამ ადამიანს და ამ თემას დრო დავუთმო”, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვიქტორია ნულანდმა ორშაბათის ბრიფინგზე.

კითხავზე, აპირებს თუ არა აშშ ბოდიშის მოხდას, როგორც ამას ირანული მხარე მოითხოვს, ნულანდმა განაცხადა, რომ ეს არის კერძო პირის ქმედება და ამერიკელი ხალხის ან მთავრობის ღირებულებებს არ ასახავს.

ჯონსმა 20 მარტს დაახლოებით 50 ადამიანის გარემოცვაში ფლორიდის ერთ-ერთ ეკლესიაში ყურანის ასლი დაწვა. ამან ავღანეთში უწესრიგობის პროვოცირება გამოიწვია, რომლის დროსაც 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ინციდენტის შემდეგ, ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ ყარზაიმ აშშ-ს კონგრესს მოუწოდა განესაჯა პასტორის ქმედებები და მსგავსი ფაქტები სამომავლოდ თავიდან აეცილებინა. ჯონსი დანაშაულს საკუთარ საქციელში ვერ ხედავს.

2010 წელს, ამერიკელი სასულიერო პირი ყურანის დაწვას 11 სექტემბრის ტერაქტების 100 წლისთავთან დაკავშირებითაც აპირებდა და მრევლსაც იგივე მოუწოდა. მისმა სიტყვებმა მწვავე რეაქცია გამოიწვია მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ისლამურ ქვეყნებში.