მსოფლიო
ავანტურისტი სააკაშვილი გადატრიალებას გეგმავს - იური ლუცენკო
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ უმაღლეს რადასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის კომენტირებისას განაცხადა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ.
GORDON.UA-ის ინფორმაციით, რეგიონალური განვითარების საბჭოს სხდომაზე ლუცენკომ მას „ავანტურისტი“ უწოდა.
მინისტრის თქმით, მშვიდობიანი პროტესტის ჩატარების უფლება არ ნიშნავს „მომზადებას სახელმწიფო გადატრიალებისთვის, რომელიც დაახლოებით 150-200-მდე ადამიანმა მოიფიქრა“.
ლუცენკომ აღნიშნა, რომ აქცია, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი მიხეილ სააკაშვილია, უცხოეთიდან ფინანსდება.
აქციის მონაწილეებს ლუცენკომ კოლორადოები შეარქვა [ასე ეძახიან უკრაინაში პრორუს აქტივისტებს].
„სწორად თქვა ხალხმა, „კოლორადოების თავშეყრაა“. ამ ხალხმა საკუთარი თავი მაიდანად შერაცხეს, თუმცა სინამდვილეში მაიდანს არ წარმოადგენენ“, - განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.
შეგახსენებთ, 17 ოქტომბრიდან უმაღლესი რადას შენობასთან საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის მონაწილეები ხელისუფლებისგან პოლიტიკრუი რეფორმების გატარებას ითხოვენ. შეკრებილებმა იქვე, გრუშინკის ქუჩაზე კარვები გაშალეს და განაცხადეს, რომ მათი მოთხოვნების შესრულებამდე არ დაიშლებიან.
ანა მებურიშვილი