აზერბაიჯანში დამოუკიდებელ ტელეარხ ANS ლიცენზია ჩამოართვეს

აზერბაიჯანის სასამართლომ ადგილობრივ დამოუკიდებელ ტელეკომპანიას ლიცენზია ჩამოართვა.

შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ აზერბაიჯანის ტელევიზიისა და რადიოს საკითხებში ეროვნული საბჭოს მოთხოვნით მიიღო.

BBC-ს ინფორმაციით, საუბარია ტელეკომპანია ANS-ზე, რომელსაც მანამდე საბჭომ მაუწყებლობა ერთი თვით შეუჩერა. მაშინ ხელისუფლება უკმაყოფილო იყო, თუ რა კუთხით აშუქებდა ტელეკომპანია თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობას.

„სამწუხაროდ, ANS-მა დაიკავა პოზიცია, რომელიც აზერბაიჯანელ და თურქ ხალხს შორის, ძმობისა და სტრატეგიული პარტნიორობის არსებულ ურთიერთობას ეწინააღმდეგება, ატარებდა პროპაგანდას, რომელიც მიმართულია თურქეთის სახელმწიფოსა და მთავრობის წინააღმდეგ, მხარდაჭერა გაუწია ფეთჰულა გიულენსა და მის მხარდამჭერებს, რომლებმაც სისხლიან ქმედებებს გაუწიეს ორგანიზება, რამაც დიდი მსხვერპლი გამოიწვია“, - განაცხადეს მაშინ საბჭოში.

ტელეკომპანია ANS-ი (Azerbaijan News Service) 1991 წლიდან მაუწყებლობს, ის აზერბაიჯანში პირველი დამოუკიდებელი ტელეარხი იყო.