ბანკ “რესპუბლიკამ” მომხმარებლებს სემინარში მონაწილეობის სერტიფიკატები გადასცა
25.05.2012 16:23
დღეს ბანკ “რესპუბლიკის” გენერალურმა დირექტორმა კრისტიან კარმანიოლმა საკუთარ მომხმარებლებს სემინარში მონაწილეობის სერტიფიკატები და რეკომენდაციები გადასცა.
16 თებერვლიდან 31 მარტამდე ბანკმა აქცია განახორციელა სპეციალურად მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელთათვის - ბიზნეს სესხი წლიური 12 პროცენტიდან. დაბალ საპროცენტო განაკვეთთან ერთად, მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ, ესარგებლათ მათ ბიზნეს-საჭიროებაზე მორგებული სესხის დაფარვის გრაფიკით და 12 თვემდე საშეღავათო პერიოდით.
ბანკმა “რესპუბლიკამ” გადაწყვიტა, საკუთარ მომხმარებლებს დახმარებოდა ბიზნესის უფრო ეფექტურად წარმართვაში. ამიტომ ყველა იმ კომპანიის წარმომადგენლისთვის, რომლებმაც აქციის ფარგლებში აიღეს სესხი, ჩაატარა უფასო სემინარი ბიზნეს ადმინისტრირების კუთხით. სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა ცოდნა გაიღრმავეს ბიზნესის, რისკების, ადამიანური რესურსების, ხარისხის მართვაში, მარკეტინგსა და კომერციული გარიგებების წარმოებაში.
სემინარში მონაწილეობდა მცირე და საშუალო ბიზნესის 20 წარმომადგენელი. ტრენინგი მოიცავდა 12 შეხვედრას.
სემინარის ერთ-ერთის მონაწილის, ედუარდ პალაგაშვილის თქმით, მას ბიზნესის წარმოების პრაქტიკული გამოცდილება საკმაოდ დიდი აქვს, თეორიული ცოდნა კი აკლდა, რაც ამ სემინარმა სრულად მისცა. მაია გოგოლაძემ კი ამ პროგრამით საკუთარი ესთეტცენტრი გააფართოვა და აღნიშნა, რომ სემინარის შემდეგ საკუთარ ბიზნესს სულ სხვა თვალით შეხედა. ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლის - ბელა ნავროზაშვილის თქმით, მათი ბიზნესის დაარსებისას რომ მსგავსი სემინარი ყოფილიყო, ახლა მათი ბიზნესი გაცილებით უფრო წარმატებული იქნებოდა.
ბანკის გენერალური დირექტორის განცხადებით, მსგავს პროექტებს ისინი ისევ გააგრძელებენ. მისი თქმით, პარტნიორული ურთიერთობების შემთხვევაში აუცილებელია, მხარეები ერთ ენაზე საუბრობდნენ, ამ შემთხვევაში ფინანსურ ენაზე და სწორედ ამ საჭიროებამ წარმოშვა ამ ტრენინგის დაგეგმვა.
ბანკის კომერციულმა დირექტორმა - რამაზ კუკულაძემ დაჯილდოების ცერემონიალზე აღნიშნა, რომ ამ ადამიანებთან მათი ბანკი გააგრძელებს ურთიერთობას და საკუთარი გამოცდილებით ბანკის თანამშრომლები მუდამ ამ ადამიანების გვერდით იქნებიან.
აღნიშნულ სემინარზე დასწრება შეეძლოთ, როგორც თავად ბიზნესის დამფუძნებლებსა და მენეჯმენტის წარმომადგენლებს, ასევე მათი არჩევანით მათ ნებისმიერ თანამშრომელს.



















