ბარაკ ობამამ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო
06.05.2012 13:52
აშშ-ში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის ბარაკ ობამას წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.
ობამამ წინასაარჩევნო კამპანია ოჰაიოდან დაიწყო, სადაც მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკაზე საუბარს დაუთმო.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ რეცესიას ებრძვის და პირობა დადო, რომ არ დაზოგავს ძალებს ეკონიმიკის გაჯანსაღებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ მას მეორე ვადით აირჩევენ.
ობამამ თავისი კონკურენტი, რესპუბლიკელი მიტ რომნიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ რესპუბლიკელები ეცდებიან ქვეყანა წარსულში დააბრუნონ.
ამასთან, ობამამ აღიარა, რომ 6 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვება არც თუ ისე მარტივი საქმე იქნება.
ობამას თქმით, ის ხელისუფლებაში ფინანსური კრიზისის პერიოდში მოვიდა. მას ესმის, რომ ამერიკელები ჯერ კიდევ განიცდიან ეკონომიკის სიმძიმეს, თუმცა ამომრჩევლებს მოუწოდა, ნება მისცენ მას გააგრძელოს სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა.
,,ჩვენ ძალიან შორს წავედით, იმისათვის, რომ უკან შემოვბრუნდეთ”-აღნიშნა ობამამ.
ობამასთან შეხვედრას ოჰაიოს სპორტულ არენაზე მისი 14 ათასი მომხრე ესწრებოდა.
აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა რამდენიმე დღის წინ ბარაკ ობამა უმუშევრობასთან ბრძოლასთან მიმართებაში უმოქმედობაში დაადანაშაულა.


















