რეგიონები
ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან მიწის ნაკვეთი აჭარის მთავრობას გადაეცა
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბოტანიკურ ბაღთან არსებული საბაგიროს მიმდებარე ტერიტორია 1300 კვადრატული მეტრი და 6000 კვადრატული მეტრი პლაჟის ნაწილი აჭარის მთავრობას გადაეცემა.
გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე 11 ხმით 6-ის წინააღმდეგ მიიღეს.
დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ტერიტორიების გასხვისების ფაქტი გააპროსტესტეს. მათი ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორიის გადაცემა ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკაბშირებული კომპანიისთვის - „ბიზნეს დეველოპმენტის“, არის დაგეგმილი.
როგორც ცნობილია, აჭარის მთავრობა კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტს“ აღნიშნულ მიწის ნაკვეთს პირდაპირი მიყიდვის წესით, ხოლო სანაპირო ზოლის ნაწილს კი 49-წლიანი იჯარით გადასცემს.
მათი განცხადებით, მოქალაქეებისთვის ბოტანიკურ ბაღთან არსებული პლაჟი ჩაიკეტება.
უმრავლესობაში კი განმარტავენ, რომ სანაპირო ზოლის ჩაკეტვა არ იგეგმება. პირიქით, განხორციელდება საბაგიროს რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.