საზოგადოება
„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეები შიმშილობა დაიწყეს
„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეები შენობის მიმდებარე ტეროტირიაზე კარავი გაშალეს და შიმშილობა დაიწყეს.
მოვაჭრეები ითხოვენ მიყენებული ზარალის კომპენსაციის გადახდას, ასევე ბანკებთან შუამდგომლობას, რათა უპროცენტოდ მოხდეს ვალების გადავადება.
„ბავშვთა სამყაროს“ კომერციული დირექტორის გიორგი მაჭავარიანის თქმით, აქცია უსაფუძვლოა, რადგან გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
„ჩვენ ვთხოვთ ამ ადამიანებს, არ მიმართონ პროტესტის უკიდურეს ფორმას, რადგან მიმდინარეობს გამოძიება და ველოდებით დასკვნებს. როცა გამოძიება დაადგენს, თუ რამ გამოიწვია ხანძარი, მას შემდეგ ყველა თავის პასუხისმგებლობას აიღებს და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მოვაჭრეებს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ.
მოვაჭრეებმა შიმშილობის დაწყების შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს. პროტესტის უკიდურეს ზომას პირველ დღეს სამი ადამიანი დაიწყებს, რომლებსაც 24 საათის შემდეგ სხვა სამი მოვაჭრე ჩაანაცვლებს.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ზაზა ხატიაშვილის თქმით, პროტესტის ხანგრძლივობა მთავრობაზე იქნება დამოკიდებული.
„ეს აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ არ მოხდება დაზარალეული ადამიანების მოთხოვნების შესრულება“, - განაცხადა ხატიაშვილმა.
გარდა ამისა, ბრიფინგზე დაინიშნა ორი სპიკერი, რომლებიც შიმშილობის განმავლობაში მედიასთან და ხელისუფლებასთან იკონტაქტებენ.
შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს ხანძარი გაჩნდა „ბავშვთა სამყაროში“. ბავშვთა სამყაროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 1000-ზე მეტი მოვაჭრე დაზარალდა.
ანა მებურიშვილი