სამშენებლო კომპანია "ბეტა მაქსის" დირექტორის მალხაზ მირცხულავას განცხადებით, საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის გაუქმებასაც "ქართუ ბანკის" ხელმძღვანელი ნოდარ ჯავახიშვილი ითხოვს, საბანკო პროცედურების დაცვით, ბანკში დროებითი მმართველის შესვლამდე გაფორმდა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მირცხულავამ განაცხადა, 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტის გაცემაზე "ქართუ ბანკთან" შეთანხმება ბანკში დროებით მმართველობის შესვლამდე იყო მიღწეული.
,,უნდა გაცემულიყო სპეციალური დანიშნულების კრედიტი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, სამშენებლო კომპანია "კავუნიტექსის" პროექტების შეჩერების შედეგად დაზარალებული კლიენტების დაკმაყოფილებას მოხმარდებოდა”-აღნიშნა მირცხულავამ და დასძინა, რომ კრედიტის მიღების პირობა მან 7 აპრილს, ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო, რის შემდეგაც 10 ივლისს "ქართუ ბანკთან" გაფორმდა გენერალური, საბაზისო ხელშეკრულება, რომელსაც ნოდარ ჯავახიშვილმა მოაწერა ხელი.
"ბეტა მაქსის" ხელმძღვანელის თქმით, მას შემდეგ, რაც "ქართუ ბანკში" ხელმძღვანელობა შეიცვალა, მანამდე არსებული საბაზისო ხელშეკრულების საფუძველზე, ახალ გენერალურ დირექტორთან მოხდა საბოლოო შეთანხმება და 10 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო ხელშეკრულება დაიდო.
"ბეტა მაქსის" დირექტორის თქმით არსებული შეთანხმების მიუხედავად, "ქართუ ბანკის" პრეზიდენტს კრედიტის გაცემა არ სურდა.
"როგორც ჩანს, არც ის ეგონა, რომ ბანკს ისევ სათავეში ჩაუდგებოდა და თავისი დადებული პირობების შესრულება მოუწევდა. სწორედ ამიტომ არის მიუღებელი მისთვის, რომ პროცედურების სრული დაცვით დამტკიცებული კრედიტი გასცეს", – აღნიშნა მალხაზ მირცხულავამ.
მირცხულავას განცხადებით, მის კომპანიას ამ დრომდე ბანკისგან თანხა არ მიუღია.
"ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორმა ნოდარ ჯავახიშვილმა რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომელშიც ბანკის დროებითი მმართველობის პერიოდში ოთხი კომპანიისთვის გაფორმებული 50 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხელშეკრულებების გაუქმებას ითხოვს. ამ კომპანიებს შორისაა `ბეტა მაქსიც~.



















