ბიძინა ივანიშვილი: ბერეზოვსკი სააკაშვილის პარტნიორი გახდა
12.05.2012 13:56
“მე მგონი, რომ ბორის ბერეზოვსკი დღეს მორალისაგან ძალიან შორსაა”, - ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა რუსი ბიზნესმენის, ბორის ბერეზოვსკის მიერ მის მიმართ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც “ივანიშვილის მიერ რუსეთის ხელისუფლების წესებით თამაშს” ეხებოდა.
“ბადრი პატარკაციშვილი ბერეზოვსკის უახლოესი მეგობარი იყო. მე როგორც მახსოვს და მე ეს კარგად ვიცოდი, მისი ერთადერთი მეგობარიც კი იყო. ტელეკომპანია “იმედს”, რომლის მეპატრონეც ბადრი პატარკაციშვილი იყო, დღეს სააკაშვილი აკონტროლებს. ბადრი, ბერეზოვსკის უახლოესი მეგობარი მთელი თავისი ცხოვრება სააკაშვილს ებრძოდა... ეს არის მისი დემოკრატია, ამას ეძახის ბერეზოვსკი დემოკრატიას? რა უფლებით აქვს დღეს “იმედი” სააკაშვილს და რა უფლებით აკონტორლებს? ბერეზოვსკი სააკაშვილის პარტნიორი გახდა იმ დარგში, რომ მისი უახლოესი მეგობრის ქონებას ერთად ინაწილებენ და როგორც ვიცი, თვითონ ბერეზოვსკიც აქტიურად ცდილობს და უჩივის ქვრივის ოჯახს, ბადრის მეუღლეს, ბადრის ქონების დაპატრონებაზე”, - განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია “კავკასიისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ლონდონში მცხოვრებმა ბიზნესმენმა ბორის ბერეზოვსკიმ ბიძინა ივანიშვილის შესახებ “ტაბულასთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
“ბიძინა ივანიშვილს ძალიან კარგად ვიცნობ, თუმცა დიდი ხანი არ მქონია მასთან ურთიერთობა. თუ საქართველოს ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად განვიხილავთ რუსეთისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გაგრძელებას, იმას, რომ ქვეყანა ზეწოლას არ დაემორჩილოს, ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ივანიშვილი ამ პოლიტიკას შეინარჩუნებს. მე არაპირდაპირი ნიშნებით ვმსჯელობ. მე ვიცი, რომ ივანიშვილს რუსეთში პრობლემები არ აქვს. ჩემთვის ეს ყოველთვის არის ზუსტი კრიტერიუმი იმისა, რომ ეს ბიზნესმენი რუსეთის ხელისუფლების წესებით თამაშობს. როგორც გნებავთ, ისე გაიგეთ. მაგრამ ეს არის ასპროცენტიანი მტკიცებულება რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთქმედების (взаимодействия) სასარგებლოდ. რუსეთში არ არიან ბიზნესმენები, რომლებსაც არ აქვთ პრობლემები ხელისუფლებასთან და, იმავდროულად, არ არიან მისი პოლიტიკის მხარდამჭერები და გამტარებლები. რადგანაც საქართველო რუსეთის საგარეო პოლიტიკის პრინციპული ნაწილია, ამ ფაქტზე, ასევე რიგ სხვა ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა შესახებ ახლა საუბარი არ მინდა (თანაც არ მინდა ვულგარულად გამოვჩნდე, თითქოს კონსპიროლოგიით ვარ დაკავებული), მიმაჩნია, რომ ივანიშვილი საქართველოს განვითარების დამოუკიდებელ ვექტორს ვერ შეინარჩუნებს. ამასთან, მე არ ვამბობ, რომ იგი დღეს რუსეთის ხელისუფლებასთან შეკრულია. მაგრამ, ამ ვარიანტსაც ვერ გამოვრიცხავ”, - განაცხადა ბერეზოვსკიმ.

















