უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
სამართალი
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ 29.06.2012 13:17

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ივანიშვილის ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. „დღევანდელი ხელისუფლების რეჟიმში არის ყველაზე მოწყვლადი ხელისუფლების ორგანო, ამიტომ ეს გადაწყვეტილება სიურპრიზი არ ყოფილა, პირიქით რომ მიეღოთ გადაწყვეტილება, ის უფრო გამიკვირდებოდა“, _ განაცხადა კბილაშვილმა და დასძინა, რომ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევა უკანონოდ მოხდა და ობიექტურ პირობებში სასამართლოს ბიძინა ივანიშვილის ინტერესების სასარგებლო გადაწყვეტილება უნდა მიეღო.

ადვოკატის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში უახლოეს დღებში გასაჩივრდება.

როგორც კბილაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები არ დასჯერდნენ აღნიშნული პრობლემის ქვეყნის შიგნით მოგვარებას და 20 ივლისს გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში შეიტანა სარჩელი ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით და უკანონო კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით.