უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

3 სექტემბერი, 2018 17:34
font-size

ბიზნესომბუდსმენი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის მიზნით პარლამენტს რეკომენდაციით მიმართავს

ბიზნესომბუდსმენი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის მიზნით პარლამენტს რეკომენდაციით მიმართავს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს განცხადებით მომართეს ა(ა)იპ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ (ს/ნ 401947961), ერთ-ერთმა ქსელურმა სავაჭრო ობიექტმა და სიგარების, სიგარელების და შესაბამისი აქსესუარების საქართველოში იმპორტიორმა კომპანიებმა (შპს „ბი და ჯი“; შპს „პი და ელი“; შპს „ჰავანა“; შპს „ხატია“ და შპს „კარიდიან ტაბაკო“) „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში 2017 წლის 17 მაისს შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

,,კერძოდ, ა(ა)იპ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ წერილში მითითებულია, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული განმარტებების დიდი ნაწილი არ შეესაბამება ევროკავშირის „თამბაქოს ნაწარმის დირექტივას“ (2014/40/EU; თPD 2), რაც მნიშვნელოვან ბარიერს უქმნის კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის „თამბაქოს ნაწარმის დირექტივასთან“ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შეუსაბამობაზე როგორებიცაა - თამბაქოს ნაწარმისა (მუხლი 3, პუნქტი „ა“) და თამბაქოს მოწევის (მუხლი 3, პუნქტი „დ“) განმარტებები. კერძოდ, განცხადებაში საუბარია, რომ ელექტრონული სიგარეტი არ უნდა განიმარტებოდეს როგორც თამბაქოს ნაწარმი ვინაიდან ის სრულიად ახალი პროდუქტია, შესაბამისად, საჭიროებს სხვაგვარ განმარტებასა და რეგულირებას.

„თამბაქოს კონტოლის შესახებ“ საქართველოს კანონის რიგი რეგულაციების შეცვლის საჭიროებაზე საუბრობენ სიგარების, სიგარელების და შესაბამისი აქსესუარების საქართველოში იმპორტიორი კომპანიებიც, რომლებიც მიუთითებენ, რომ კანონის მიღმა დარჩენილია ისეთი მნიშნელოვანი საკითხები - როგორიცაა სიგარების, სიგარელების და შესაბამისი აქსესუარების რეალიზაცია. კერძოდ, საკითხი ეხება ზემოაღნიშნული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტებით დადგენილ პირობებს, რომლებიც კრძალავენ თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის და მისი მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაციას ან/და განლაგებას ერთეული ღერებით, შეფუთვის გარეშე და ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის შიგნიდან.

განმცხადებლების განმარტებით, აღნიშნული რეგულაციები მძიმე ტვირთად აწვება კომპანიებს, ვინაიდან სიგარებისა და სიგარელების ერთეული ღერების შეფუთვის გარეშე რეალიზაცია გავრცელებული პრაქტიკაა, მათი ფასის, მოხმარების ინტენსივობისა და დამკვიდრებული ჩვევების გამო. ამდენად, პროდუქტის უმეტესობა ცალკეული შეუფუთავი ღერების სახით იყიდება. პრაქტიკულად შეუძლებელია ცალკეული ღერების შეფუთვა იმგვარად, რომ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოვიდეს.

რაც შეეხება ქსელური სავაჭრო ობიექტის მიერ დასმულ საკითხს, იგი ეხება თამბაქოს ნაწარმის სავაჭრო ობიექტებში განთავსებასა და ობიექტის გარედან ხილვადობის პრობლემებს.

საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ხდება ნორმის იმგვარად განმარტება, რომ რეალიზაციის ობიექტებში ფაქტობრივად შეუძლებელია თამბაქოს პროდუქციის რეალიზაცია. კერძოდ, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება - სავაჭრო ობიექტის იმ სექციაში, სადაც ბავშვის ტანსაცმელი, კვების პროდუქტი ან/და სათამაშო იყიდება. სსიპ შემოსავლების სამსახური კანონში მითითებულ „კვების პროდუქტად“ მიიჩნევს არა მხოლოდ ბავშვის კვების პროდუქტს, არამედ ყველა სახის პროდუქტს რომელიც განკუთვლინილია საკვებად, მათ შორის, მოზრდილებისთვისაც, რაც ჩვენი აზრით არასწორია. ასევე, კანონში დასაზუსტებელია რა იგულისხმება „ბავშვის კვების პროდუქტში“. შესაბამისად, საკითხი საჭიროებს დაკონკრეტებას, რათა არ შეიძლებოდეს მისი სხვაგვარი განმარტება და უფრო მარტივი იყოს მისი აღსრულება, როგორც მაკონტროლირებელი ორგანოსთვის, ისე რეალიზაციის ობიექტებისთვის.

რაც შეეხება კომპანიის განცხადებაში დასმულ მეორე საკითხს, იგი გამომდინარეობს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტიდან, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება - ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან.

კომპანიის განცხადებით, კანონი არ იძლევა იმის განმარტებას, თუ რა იგულისხმება ხილვადობაში. კერძოდ, რა პოზიციიდან და მანძილიდან არ უნდა იყოს პროდუქტი ხილვადი გარედან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თითქმის ყველა ქსელურ (ბრენდულ) სავაჭრო ობიექტს აქვს გამჭვირვალე მინის წინა/გვერდითი კედელი/ფანჯარა. ასევე, ობიექტის შესასვლელი კარის გაღებისას, ობიექტში განთავსებული პროდუქტის გამოჩენა გარეთ მყოფი პირისთვის უნდა ჩაითვალოს თუ არა ობიექტის გარედან ხილვადად განლაგებად. აღნიშნული ჩანაწერიც ბუნდოვანია და იძლევა ნორმის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი იზიარებს განცხადებებში დასმული საკითხების მნიშვნელობას და მათი საკანონმდებლო დაზუსტების საჭიროებას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, გთხოვთ, კომიტეტის სხდომაზე, დაინტერესებული სუბიექტების ჩართულობით, განიხილოთ ზემოაღნიშნული საკითხები“, - ნათქვამია ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაციაში.

ეკონომიკის გახსნას გარკვეული უსაფრთხოების ზომებიც უნდა ახლდეს თან - ლეშეკ ბალცეროვიჩი

30 მაისი, 2020 , 17:45

„ეკონომიკის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია. პოლონეთიც ხსნის საკუთარ ეკონომიკას, თუმცა, ეტაპობრივად და მე ამას მხარს ვუჭერ. მაგრამ საჭიროა ეპიდემიის რისკების ან ეპიდემიის განახლების რისკების განხილვა. სწორედ ამიტომ, ე

მოხარული ვარ, რო, AE SOLAR - მა დღეს ქარხნიდან პროდუქციის პირველი პარტია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგზავნა - ნათია თურნავა

30 მაისი, 2020 , 17:38

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კომპანია AE Solar-ის საწარმოს ესტუმრა და პირადად გაეცნო მის საქმიანობას და სამომავლო გეგმებს. გერმანული კომპანია საქართველოში მზის ენ

`ატლანტიკ საქართველოს` გაფართოების პროცესი ადასტურებს, რომ საქართველოში საუკეთესო ბიზნეს გარემოა შექმნილი - ნათია თურნავა

30 მაისი, 2020 , 17:25

„როდესაც ჩვენ უკვე პრაქტიკულად ვმართავთ კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებას და ჩვენი ეკონომიკა ნელ-ნელა გახსნას იწყებს, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ გვყავს ისეთი საწარმოები, რომლებიც პირველ რიგში უცხოელი ინვესტორ

წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა - ნათია თურნავა

30 მაისი, 2020 , 17:00

მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა &

მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში შვეიცარიის ელჩს შეხვდა

30 მაისი, 2020 , 12:52

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში შვეიცარიის ელჩს, პატრიკ ფრანცენს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და შვეიცარიას შორ

COVID-19-მა აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ქვეყნებში ხილ-ბოსტნეულის მიწოდების ჯაჭვი დააზიანა - EBRD-ი და FAO

29 მაისი, 2020 , 16:08

ხილ-ბოსტნეულის მიწოდება ფერმიდან მომხმარებლის მაგიდამდე უაღრესად გართულდა COVID-19-ის პანდემიის, მოძრაობაზე შეზღუდვების, ტრანსპორტირების ხარჯების ზრდისა და დახურული ბაზრების გამო, - ამის შესახებ FAO-ს მიერ გავრცელებ