BMW Porsche 911-ს კონკურენტს ქმნის

BMW-ს მომდევნო BMW 6-ს სერიას ორკარიანი კუპე ექნება და იგი ნამდვილი სპორტული ავტომობილი იქნება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მიუნხენში Porsche 911-ის კონკურენტის შექმნაზე მუშაობენ.

BMW-ს ყოფილი შეფი ნორბერტ რაიტჰოფერი თავის დროზე აქტუალურ ”მეექვსე სერიასაც” Porsche 911-ის სერიოზულ ალტერნატივად აანონსებდა, მაგრამ ამ მოდელმა ფანებს იმედები გაუცრუა. საქმე იმაში იყო, რომ ეს დიდი და მძიმე კუპე იმად დარჩა, რაც იყო - ავტობანის ელეგანტური კრუიზერი სპორტული მიდრეკილებებით.

ახლა კი, უფრო სწორად, 2017 წელს ახალი მოდელის გამოშვება იგეგმება და ბავარიელებს მაშინდელი დანაპირების შესრულება სწორედ ამ მოდელით აქვთ გადაწყვეტილი. ამისათვის კი აუცილებელია, რომ კუპემ წონაში დაიკლოს.

ავტომობილი ახალ, ე.წ. CLAR-პლატფორმაზე შეიქმნება, რომლის უპირატესობა ნაკლები ხარჯის გარდა ისიცაა, რომ ინოვაციური ტექნიკის ინტეგრირება უფრო მარტივად და უკეთაა შესაძლებელი. გარდა ამისა, ახალ ”მეექვსე სერიაში” ვიხილავთ გაცილებით მეტ ალუმინს და კარბონს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, ახალი 6er არა მარტო გაცილებით მსუბუქი, არამედ მნიშვნელოვნაც მცირე ზომისაც იქნება.

ნაკლები წონა და უკეთესი აეროდინამიკა უკვე კარგი დაპირებაა. ამას გარდა, BMW-ს ახალ მოდელში უფრო მძლავრი ძრავების ჩადგმა აქვს გადაწყვეტილი. 640i-ს შემთხვევაში გათვალისწინებულია სიმძლავრის ზრდა 347 ცხენის ძალამდე, დიზელის ვერსია 640d-ს კი 333 ცხენის ძალა უნდა ჰქონდეს. აი, 650i-ს სიმძლავრე კი 476 ცხენის ძალა უნდა იყოს.

მონიკა დავლიანიძე