საზოგადოება
ჩემთვის პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა, მერქვას თქვენი მინისტრი - გიორგი მღებრიშვილმა მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა
შს სამინისტრომ მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე აღნიშნა. ღონისძიებას შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მინისტრის მოადგილეები და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები დაესწრნენ.
„ჩემთვის პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა, მერქვას თქვენი მინისტრი...
ესაა დიდი სიამაყეც, რადგან თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც მხოლოდ ბოლო 1 წლის განმავლობაში, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, 2000-მდე ადამიანი გადაარჩინეთ, მათ სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნეთ... თქვენ ხართ იმედი და თქვენ ხართ ქვეყნის ძალა! გაქვთ ღირსეული და ვაჟკაცური პროფესია, რომელსაც კეთილსინდისიერად ემსახურებით. მადლობას გიხდით ამ თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის! ეს არაა მხოლოდ ჩემი მადლიერება. ესაა საქართველოს მოსახლეობის განცდა და დამოკიდებულება, რომელსაც თქვენ ნამდვილად იმსახურებთ“, - განაცხადა შს მინისტრმა.
გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის მადლობის სიგელები პირადად გადასცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველების ხსოვნას.
მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სხვადასხვა სტრუქტურულმა დანაყოფმა პირადი შემადგენლობა, სპეცტექნიკა და შესაბამისი აღჭურვილობა წარმოადგინა.
ღონისძიების დასასრულს სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა ჩაატარეს სიმულაციური ვარჯიში: ქიმიურ ინციდენტზე რეაგირება, დაზარალებულის ნანგრევებიდან გამოყვანა და სიმაღლიდან დაშვება.