არქივი
ეკონომიკა
ჩვენი მიზანია, მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციტივა ძალაში მიმდინარე წლის 1 ივლისიდან შევიდეს - მამუკა ბახტაძე
ჩვენი მიზანია, რომ მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციტივა ძალაში მიმდინარე წლის 1 ივლისიდან შევიდეს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრომ რეფორმების ახალი ტალღის ფარგლებში შეიმუშავა საგადასახადო ინიციატივა, რომელიც განკუთვნილია საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობისთვის და ის აყალიბებს სრულიად უპრეცედენტო შეღავათიან საგადასახადო რეჟიმს ქართველი მეწარმეებისთვის.
როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ახალი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი შეეხება დაახლოებით,120 000 მეწარმე ფიზიკურ პირს ანუ მეწარმე ფიზიკური პირების თითქმის 100%-ს.
"პირველი - ჩვენი ინიციატივის ფარგლებში მცირე მეწარმის სტატუსს მიიღებს ყველა ადამიანი, რომლის შემოსავალი არ აღემატება ნახევარ მილიონ ლარს. დღეს ეს ზღვარი არის 100 000 ლარი და ჩვენ 5-ჯერ ვზრდით მას. მეორე - ჩვენ 5-ჯერ ვამცირებთ გადასახადებს ჩვენი მეწარმეებისთვის და დღეს არსებული 5%-იანი ზღვრიდან ჩამოვდივართ 1%-იან ნიშნულზე. მესამე - ეს გახლავთ ჩვენი პრიორიტეტი, რომ ქართველი მეწარმეები რაც შეიძლება ნაკლებ დროს უთმობდნენ საგადასახადო ორგანოებთან კომუნიკაციას და მთლიანად ფოკუსირებულები იყვნენ თავიანთ ძირითად საქმიანობაზე, შესაბამისად, ეს საგადასახადო ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ გაუქმდება დამატებითი ბუღალტერიის წარმოების ვალდებულება და მცირე მეწარმეებს ექნებათ ვალდებულება სასაქონლო ჟურნალის პარალელურად აწარმოონ მხოლოდ სასაქონლო ზედნადების ოპერაციები და სალარო აპარატი. მეოთხე - დღეს არსებული პრაქტიკა გულისხმობს გადასახადების წინასწარ გადახდას ე.წ. საავანსო რეჟიმში, აღნიშნული პრაქტიკაც გაუქმდება და მცირე მეწარმეები 1%-იან ბრუნვის გადასახადს თვის ბოლოს გადაიხდიან. მეხუთე - მცირე მეწარმეები, რომლებიც მცირე მეწარმის სტატუსის პარალელურად ჩათვლიან საჭიროდ დარეგისტრირდნენ დღგ-ს გადამხდელებად, ისინი სტანდრატულ რეჟიმში შეძლებენ დღგ-ს ჩათვლას ან დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებას ცენტრალური ბიუჯეტიდან 5-დან 7 დღემდე ვადაში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული ინივიტივა უახლოეს დღეებში გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს.
ნინო ექვთიმიშვილი