დაბა სურამში #9 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია სრულდება

„ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში არსებული #9 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. საბავშვო ბაღი აღსაზრდელებს სრულად რეაბილიტირებული დახვდებათ“, - ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, ბაღის შენობა უკვე სრულად რეაბილიტირებულია. შეიცვალა შენობის სახურავი, იატაკი, ელექტრო სისტემა, დამუშავდა კედლები და შეიღება როგორც ოთახები, ასევე შენობის ფასადი.

„აღნიშნული ბაღის რეაბილიტაციის პროცესი შარშან დაიწყო. გასულ წელს მოწესრიგდა წყლის და გათბობის სისტემები, შეიცვალა შენობის კარ-ფანჯრები, რაც პრიორიტეტად ჩაითვალა ჩვენს მიერ, რადგან ფასადური სილამაზე ჩვენთვის არ არის მთავარი. შესაბამისად, ჩვენი პრიორიტეტი იყო ბავშვებს ჰქონოდათ გათბობა და მოწესრიგებული წყლის და კანალიზაციის სისტემა. წელს უკვე შენობის სრული რეაბილიტაცია მოხდა. ვფიქრობ, საბავშვო ბაღი უკვე მიმდინარე სააღმზრდელო წლიდან კიდევ უფრო კომფორტული და მიმზიდველი იქნება, როგორც პატარებისთვის, ასევე მშობლებისთვის“, - აცხადებენ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

სურამის #9 საბავშვო ბაღი 180 აღსაზრდელზეა გათვლილი და იგი მიმდინარე წელს, სააღმზრდელო წლის დაწყების პარალელურად მიიღებს ბავშვებს. დღეისათვის დარჩენილია საბავშვო ბაღის ეზოს მოწესრიგების სამუშაობი.

ბაღის რეაბილიტაცია ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება და ღირებულება 132 749 ლარს შეადგენს. სამუშაოები სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება.