საზოგადოება
დაისჯება ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიაში - პრემიერმა სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. მან ასევე მადლობა გადაუხადა მეხანძრე-მაშველებს, რომლებმაც 100-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია შეძლეს.
„უპირველეს ყოვლისა, ამ უმძიმეს წუთებში ვუსამძიმრებ ბათუმში, ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ეს ტრაგედია უმძიმესია თითოეული ჩვენგანისთვის. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია და დაშავებულები გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებებში - მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მაშველმა-მეხანძრეებმა ურთულეს ვითარებაში შეძლეს ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. მადლობა თითოეულ მათგანს თავდადებული სამსახურისთვის. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომ მოხდეს გამომწვევი მიზეზების სწრაფად დადგენა. ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება და დაისჯება ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიაში. დღეს ჩვენ ყველანი ვდგავართ დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლების გვერდით“, - დაწერა გიორგი კვირიკაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
შსს-ის ინფორმაციით, გუშინ ბათუმში, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. აქედან 10 საქართველოს მოქალაქეა, ხოლო 1 - ირანის რესპულიკის. დაშავდა 21 ადამიანი.
მომხდარზე უკვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით.