უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე ჰერმან ვან რომპეის შეხვდა 04.07.2012 18:51

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეის შეხვდა. როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე სამი ძირითადი თემა იყო განხილული. პირველი საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებს უკავშირდება, რომელიც ძალიან პოზიტიურად ვითარდება.

„უახლესი ორი წლის განმავლობაში საქართველო ხარისხობრივად და თვისობრივად უფრო ახლოს იქნება ევროკავშირთან, ვიდრე ის როდესმე ყოფილა. კიდევ ერთხელ შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველოს ევროპული ინტერგაცია როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის ინტერესებში შედის.

მეორე ძირითადი თემა საქართველოში არსებულ უსაფრთხოების სიტუაციას, ქართულ–რუსულ ურთიერთობებსა და იმ განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს უკავშირდებოდა, რომელსაც ევროკავშირის მონიტორინგის მისია საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ასრულებს“, –– აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, მესამე განსახილველი თემა საქართველოში მიმდინარე პროცესები და ოქტომბრის არჩევნებისთვის სამზადისი იყო.

„პოზიცია ორივე მხრიდან იდენტური იყო. აუცილებელია, ვითანამშრომლოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ არჩევნებმა დემოკრატიულად და თავისუფლად ჩაიაროს. ჩვენ ძალიან მადლობელნი ვართ და ვაფასებთ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, დააფინანსოს საქართველოში მიმდინარე მედიამონტორინგის პროცესი. იმედი გვაქვს, ევროპელი დამკვირვებლები შეძლებისდაგვარად დიდი რაოდენობით იქნებიან წარმოდგენილი როგორც საარჩევნო კამპანიის პროეცესში, ისე თვითონ არჩევნების დღეს“, –– აღნიშნა დავით ბაქრაძემ.