უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
რეგიონები
დავით ბაქრაძემ მაჟორიტარ კანდიდატებად პეტრე ცისკარიშვილი და მარიკა ვერულაშვილი წარადგინა 03.08.2012 18:28

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახმეტის მაჟორიტარობის კანდიდატად ამავე რაიონის მოქმედი მაჟორიტარი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი წარადგინა. წარდგენა ახმეტის მუნიციპალიტეტს სოფელ ოჟიოში, ვეფხია მეზვრიშვილის ფერმაში გაიმართა, სადაც საქონლის ჯილეხზე აცრის პროცესი მიმდინარეობდა.

პეტრე ცისკარიშვილის თქმით, მისთვის ახმეტის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატობა დიდი პატივია.

"უმუშევრობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით, ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. ჩემი მთავარი კონკურენტი არის უმუშევრობა, სიღარიბე და სოფლის მეურნეობაში დაბალი პროდუქტიულობა", –– განაცხადა დეპუტატმა.

დავით ბაქრაძემ დღესვე ყვარლის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად დეპუტატი მარიკა ვერულაშვილი წარადგინა. ბაქრაძემ ვერულაშვილი ყვარელის მოსახლეობას სანერგე მეურნეობაში წარუდგინა.

"მინდა, რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ თითოეულმა გლეხმა და აქ მცხოვრებმა ოჯახმა რაც შეიძლება მეტი სიკეთე იგრძნოს იმ პროექტებისგან. ეს დღეს მთავრობის პრიორიტეტია. ეს არის დასაქმება, სოფლის მეურნეობა და ჯანდაცვა", –– განაცხადა მარიკა ვერულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დავით ბაქრაძემ მანამდე "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატად თელავში ვასილ დავითაშვილი წარადგინა.