დავით ბაქრაძემ სტიქიური უბედურების გამო ბიუროს სხდომაზე ღრმა მწუხარება გამოხატა
14.05.2012 19:03
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო ღრმა მწუხარება პარლამენტის ბიუროს სხდომაზეც გამოთქვა. მან დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.
მისი თქმით, სტიქიამ რეგიონებიც სერიოზულად დააზიანა და პროგნოზი ახლაც არასაიმედოა.
„დღეს კახეთში ვიყავი, ყველა სახელმწიფო სამსახური 24-საათიანი რეჟიმით მუშობს. ბევრგან სასმელი წყლის მიწოდება გამოსწორდა. მოიხსნა ენერგომომარაგების პრობლემაც. შექმნილია კომისია, რომელიც სტიქიით მიყენებული ზარალის რაოდენობას შეისწავლის. ამის შემდეგ დაზარალებულთა დახმარებასა და ინფრასტრუქტურის აღდგენაზე ვიმსჯელებთ“, _ აღნიშნა დავით ბაქრაძემ და დასძინა, რომ სახელმწიფო ყველა დაზარალებულს დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ 12 მაისს ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რამდენიმე რაიონი სერიოზულად დააზარალა. თბილისში კი 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.



















