პოლიტიკა
დღეს ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის 3-კაციანი ჯგუფი მორიგ შეხვედრას გამართავს
დღეს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის 3-კაციანი ჯგუფი ხორავას ქუჩაზე მცხოვრებ რამდენიმე პირს გამოკითხავს. შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება.
კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, ანრი ოხანაშვილის თქმით, გამოკითხვაზე ის პირები არიან დაბარებული, ვინც გარკვეულ ინფორმაციას ფლობს 1 დეკემბერს მომხდარი მკვლელობის შესახებ. მან აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე კომისიის მცირე ჯგუფი ორ პირს გამოკითხავს.
სავარაუდოდ, კომისია გაფართოებული ფორმატით შაბათს შეიკრიბება.
კომისიის წევრის, ირაკლი აბესაძის თქმით, საქმის მასალებიდან იკვეთება პასუხგაუცემელი კითხვები ორი მოზარდის მკვლელობასთან დაკავშირებით.
„ჩატარებულმა კომისიის სხდომებმა, ისევე როგორც სხდომის მასალებმა, რეალურად დაარწმუნა საზოგადოებაც და ჩვენც, რომ არსებობს სერიოზული, ჯერჯერობით პასუხგაუცემელი შეკითხვები არასრულწლოვნების მკვლელობის გამოძიების საკითხთან დაკავშირებით“, - დასძინა დეპუტატმა.