პოლიტიკა
დღეს ტვ „იბერიის“ თანამშრომლები არასამთავრობო სექტორს შეხვდებიან
დღეს ტელეკომპანია „იბერიის“ თანამშრომლები არხზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდებიან.
ჟურნალისტები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის მათ ხელთ არსებულ აუდიოჩანაწერების ჩვენებასაც გეგმავენ, რაც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.
ჟურნალისტები გამოძიებას ითხოვენ და არასამთავრობო ორგანიზაციებს თავისუფალი მედიის დაცვისკენ მოუწოდებენ.
„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ტელეკომპანია „იბერიას“ გადარჩენის მიზნით. დღეს ტელეკომპანიაში მოვლენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. არხზე მომუშავე ჟურნალისტები შევხდებით და მივაწვდით დაწვრილებით ინფორმაციას. ხელისუფლებისგან ისევ გრძელდება შტურმი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტელეკომპანია გადავარჩინოთ“,-განაცხადა ტელეკომპანია „იბერიის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ ხუზმიაშვილმა.
7 სექტემბერს არხის ჟურნალისტებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ „იბერიას“ გადაუკეტა დაფინანსების მთავარი წყარო. კერძოდ, კომპანია ,,ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია ,,იბერია“, პარალიზებულია. ტელეკომპანიის განცხადებით, ხელისუფლებამ წარმოება მიზანმიმართულად გააჩერა.