დღეს პარლამენტში სამთავრობო საათი გაიმართება
26.04.2012 09:00
დღეს პარლამენტში სამთავრობო საათი გაიმართება. ის ფრაქციის –– „ერთობა სამართლიანობისათვის“ –– მოწვევით ეწყობა. ოპოზიციონერ დეპუტატებს ხუთი მინისტრი ჰყავთ დაბარებული: შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა. მათთან დეპუტატებს 26 შეკითხვა ექნებათ.
იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან დეპუტატებს ბანკ "ქართუსთან" დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, "ცენტრ პოინტის" ათასობით მენაშენის ინტერესებზე განმარტებები, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობაზე უარის თქმის მიზეზი, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში დაფიქსირებული წამებისა და არაადამინური მოპყრობის ფაქტების გამოუძიებლობის მიზეზი და სხვა საკითხები აინტერესებთ.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ ხათუნა კალმახელიძისგან დეპუტატები პასუხს `მუდმივმოქმედი სამედიცინო კომისიის უმოქმედობაზე~ ელიან.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან დეპუტატებს შეკითხვა იმ 10 000 სტუდენტზე ექნებათ, რომელთაც თანხის გადაუხდელობის გამო სტატუსი შეუწყდათ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მოუწევს განმარტოს, თუ რატომ არ მოხდა საზაფხულო დასაქმების პროგრამით 25 000 სტუდენტის შერჩევა სოციალურად დაუცველი, დევნილი და საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები ოჯახებიდან; უჭერს თუ არა მინისტრი მხარს სტატუსშეჩერებული სტუდენტების დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან სარეზერვო ფონდებიდან; უჭერს თუ არა მხარს მინისტრი "ქართული დასის" ინიციატივას სახელმწიფო უფასო უმაღლესი განათლების სექტორის აღდგენასთან დაკავშირებით; რას აპირებს ის 53-ე სკოლის დირექტორის წინააღმდეგ, რომელმაც სკოლიდან მიხელ ალექსიძე გარიცხა და სხვა.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ ნიკა რურუას კი თურქეთის სახელმწიფოსთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტზე მოუწევს საუბარი, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურის ძეგლების გადარჩენას შეეხება.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს, მასაც მოუწევს საუბარი ძმებ ლუტიძეების საქმეზე. ასევე, მინისტრმა უნდა უპასუხოს დეპუტატების კითხვებს ფეთჰულაჰ გულენის, კომპანია "ჩაღლარის", პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრთა ფინანსური ურთიერთობების შესახებ; პრეზიდენტის ოჯახის წევრთა და ფეთჰულაჰ გულენის მოღვაწეობაზე საქართველოს განათლების სისტემაში; ფეთჰულაჰ გულენის წარსულის შესახებ ინფორმაციაზე; დეპუტატ გივი თარგამაძის "კანონიერ ქურდებთან" კავშირზე; ჟურნალისტური გამოძიებების რეაგირების გარეშე დატოვებაზე და ა.შ.
სამთავრობო საათი დღეს 17:00 საათისთვის არის დაგეგმილი.


















