დღეს “ქართული ოცნება” აქციას რუსთავში გამართავს
19.08.2012 12:21
დღეს, 19:00 საათზე, კოალიცია “ქართული ოცნება” რუსთავში, ჟიული შარტავას მოედანზე, აქციას გამართავს.
აქციის მონაწილეებს კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიმართავს.
აქციის მიმდინარეობას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია დააკვირდება.
როგორც ცნობილია, კოალიცია და რუსთავის მერია აქციის ადგილთან დაკავშირებით ვერ თანხმდებოდნენ. მერია აქციის გასამართად ალტერნატიულ ადგილს სთავაზობდა, რაზეც კოალიცია უარს აცხადებდა. ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის განაცხადებით, ეს პრობლემა გადაჭრილია და აქცია ჟიული შარტავას მოედანზე ჩატარდება.
კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა რუსთავში აქციისთვის მზადება დილის 09 საათიდან დაიწყეს. შარტავას მოედანზე სცენის, ეკრანისა და გახმოვანების აპარატურის მონტაჟი მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ კოალიციამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქციები უკვე გამართა თბილისში, ქუთაისში, ოზურგეთში, მცხეთაში, გორსა და ბათუმში.



















