დღეს სკოლიდან გარიცხული მიხეილ ალექსიძის სასამართლო პროცესი განახლდება
01.05.2012 10:00
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 53-ე სკოლიდან გარიცხული 15 წლის მიხეილ ალექსიძის საქმეზე სასამართლო პროცესი განახლდება.
სასამართლო პროცესი 10:00 საათზე დაიწყება.
წინა სხდომის გადაწყვეტილებით, დღეს იმ პირების დაკითხვა იგეგმება, რომლებიც #53-ე სკოლაში ინციდენტის დღეს, 2011 წლის 13 ოქტომბერს მანდატურის მოვალეობას ასრულებდნენ.
სასამართლო განიხილავს სარჩელს, რომლითაც ოჯახი ალექსიძის სკოლიდან გარიცხვის ბრძანების გაუქმებას და სკოლაში აღდგენას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ თბილისის 53–ე სკოლის დირექტორ ტარას შავშიშვილსა და სკოლის ორ მოსწავლეს შორის დაპირისპირება მოხდა, რის გამოც მოსწავლეები სკოლიდან გარიცხეს და მომხდარზე ხულიგნობის მუხლით სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა.
პრეზიდენტმა კი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ალექსიძეს ხულიგანი უწოდა და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ასეთი მენტალიტეტის ახალგაზრდები აღარ იყვნენ სკოლებში. ამ განცხადების შემდეგ უფლებათადამცველებმა და ოპოზიციამ პრეზიდენტი უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევაში დაადანაშაულეს.
რამდენიმე დღის შემდეგ კი თბილისის 77-ე სკოლის დირექტორმა ნინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ მიხეილ ალექსიძე უკვე რამდენიმე თვეა 77–ე სკოლაში ირიცხება, თუმცა ის გაკვეთილებს არ ესწრება.



















