უკან

დღის კალენდარი

15 თებერვალი, 2020 10:00
font-size

დღის კალენდარი _ 15 თებერვალი

წლის 46-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 319 დღე.

საეკლესიო კალენდარი

უფლის მირქმის დღესასწაულზე ეკლესია მოიხსენიებს უმნიშვნელოვანეს მოვლენას იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრებისა. მეორმოცე დღეს შობითგან ღვთაებრივი ყრმა იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. მოსეს სჯულის მიხედვით, იმ დედაკაცს, რომელიც მამრობითი სქესის ყრმას შობდა, ორმოცი დღის განმავლობაში აკრძალული ჰქონდა ღვთის ტაძარში შესვლა. ამ ვადის გასვლის შემდეგ დედა ტაძარში მივიდა ყრმითურთ, რათა უფლისათვის სამადლობელი და განსაწმენდი მსხვერპლი შეეწირა.

იმ ხანებში იერუსალიმში მართალი მოხუცი სვიმეონი ცხოვრობდა. მას გამოცხადება ჰქონდა ზეგარდმო, რომლითაც ეუწყა, რომ მანამ არ აღესრულებოდა, სანამ ქრისტე მაცხოვარს არ იხილავდა. ღვთის შეგონებით კეთილმსახური სვიმეონი იმ დროს მივიდა ტაძარში, როცა იქ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა და მართალმა იოსებმა ყრმა იესო მიიყვანეს, რათა სჯულით დადგინებული წეს-ჩვეულება აღესრულებინათ.

იმ დროს ტაძარში იმყოფებოდა აგრეთვე 84 წლის ქვრივი დედაკაცი ანა წინასწარმეტყველი, ასული ფანოელისა.

მართალი სვიმეონი და ანა წინასწარმეტყველი ღირს იქმნენ იერუსალიმის ტაძარში ახალი აღთქმის მატარებელს შეხვედროდნენ, რომლის სახეშიც უკვე თანახატ-ქმნილიყო ღვთაებრივი და ადამიანური ბუნებანი.

ღვთის მირქმის მიგებების დღესასწაული ქრისტიანული ეკლესიის უძველეს დღესასწაულთ განეკუთვნება. ეს დღესასწაული VI საუკუნემდე ზეიმით არ აღინიშნებოდა. 528 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს დროს ანტიოქიას დიდი უბედურება დაატყდა თავს _ საშინელმა მიწისძვრამ მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ უბედურებას რამდენიმე წლის შემდეგ მეორეც მოჰყვა. ამ საყოველთაო უბედურების ერთ-ერთ კეთილმსახურ ქრისტიანს ზეგარდმო გამოეცხადა, რომ მორწმუნეთ უფრო საზეიმოდ უნდა აღენიშნათ ხოლმე უფლის მირქმის დღესასწაული.

და როცა იმ წელს, უფლის მირქმის დღეს ღამისთევის ლოცვა და ჯვარის დიდებით სვლა აღასრულეს, ბიზანტიას თავს დატეხილი უბედურებანი შეწყდა. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად 544 წელს ეკლესიამ დაადგინა უფრო საზეიმოდ აღენიშნათ ხოლმე უფლის მირქმის დღესასწაული.

მოწამისა აღათოდორესი; მოწამისა იორდანე ტრაპეზუნდელისა (1650); ღირსმოწამისა გაბრიელისა, კონსტანტინეპოლელისა (1676).

დაიბადნენ:

1564 _ გალილეო გალილეი, იტალიელი ასტრონომი, ფიზიკოსი, მექანიკოსი. გარდაიცვალა 1642 წელს.

1817 _ შარლ ფრანსუა დობინი, ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი. გარდაიცვალა 1878 წელს.

1826 _ ჯორჯ სტონი, ირლანდიელი ფიზიკოსი და მათემატიკოსი. გარდაიცვალა 1911 წელს.

1861 _ შარლ ედუარ გილიომი, შვეიცარიელი ფიზიკოსი. 1920 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1938 წელს.

1868 _ ანასტასია ერისთავ-ხოშტარია, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. გარდაიცვალა 1951 წელს.

1883 _ ვუკოლ ბერიძე, ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი, რუსთველოლოგი. გარდაიცვალა 1963 წელს.

1888 _ სიმონ ვაჩნაძე, ქართველი ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი. გარდაიცვალა 1959 წელს.

1915 _ დავით გვრიტიშვილი, ისტორიკოსი. გარდაიცვალა 1969 წელს.

1927 _ არჩილ სულაკაური, მწერალი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1997 წელს.

1933 _ ჯიმშერ მუჯირი, მუსიკათმცოდნე. გარდაიცვალა 1990 წელს.

გარდაიცვალნენ:

1830 _ იოანე ბატონიშვილი (ბაგრატიონი), ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, განმანათლებელ-ენციკლოპედისტი, მწერალი, მეცნიერი, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის შვილი.

1887 _ ალექსანდრ ბოროდინი, კომპოზიტორი და ქიმიკოსი.

1935 _ ბოგუსლავ ბრაუენერი, ჩეხოსლოვაკიელი ქიმიკოსი. მენდელეევი მას `პერიოდულობის კანონის ერთ-ერთ ჭეშმარიტ განმამტკიცებლად” თვლიდა.

1941 _ გვიდო ადლერი, ავსტრიელი მუსიკათმცოდნე, ვენის მუსიკათმცოდნეობის სკოლის ფუძემდებელი.

1942 _ არდევან ახვლედიანი, ქართველი მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

მოვლენები:

538 _ ანგლო-საქსონურ ქრონიკებში აღწერილ იქნა ბრიტანეთში მომხდარი მზის დაბნელება. ლონდონში მზის 2/3 დაბნელდა.

1751 _ გაიმართა აგრი-ჩაის ბრძოლა. ქართველები თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის მეთაურობით დამარცხდნენ შაქის ხან აჯი ჯალაბთან.

1798 _ იტალიის პაპის ოლქის ტერიტორიაზე გამოცხადდა რომის რესპუბლიკა, რომელმაც 1799 წლის სექტემბრამდე იარსება.

1868 _ მოსკოვში პირველად შესრულდა ჩაიკოვსკის პირველი სიმფონიის `ზამთრის ოცნების” პრემიერა.

1919 _ გენერალი დენიკინი სათავეში ჩაუდგა `თეთრების” მოძრაობას რუსეთის სამხრეთ რეგიონში.

1933 _ ტერორისტი ჯუზეპე ზინგარა თავს დაესხა აშშ-ს ახლად არჩეულ პრეზიდენტს ფრანკლინ დ. რუზველტს.

1947 _ საბჭოთა კავშირის მთავრობის სპეციალური დადგენილებით აიკრძალა საბჭოთა და უცხოელ მოქალაქეებს შორის ქორწინება.

1954 _ ფრანგი მკვლევარები გუო და ვილმი ოკეანეში 4050 მ სიღრმემდე ჩავიდნენ ბატისკაფით.

1969 _ ედვარდსმა კემბრიჯის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიური ლაბორატორიიდან პირველად
შეძლო ადამიანის კვერცხუჯრედის ხელოვნური განაყოფიერება.

1989 _ დასრულდა საბჭოთა ჯარების გამოყვანა ავღანეთიდან.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`