უკან

დღის კალენდარი

17 ივლისი, 2017 09:06
font-size

დღის კალენდარი _ 17 ივლისი

წლის 198-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 167 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ანდრიასი, კრიტელი მთავარეპისკოპოსისა, „დიდი კანონის“ შემქმნელისა, იერუსალიმელისა (712-726); ღირსისა მართასი, დედისა სვიმეონ მესვეტისა, სასწაულმოქმედისა, რომელი დამკვიდრებულ იყო მთასა საკვირველსა (551); მოწამეთა თეოდოტესი და თეოდოტიასი (105-108); მღვდელმოწამისა თეოდორესი, კვირინელი ეპისკოპოსისა (310); ღირსისა ანდრია რუბლიოვისა, ხატმწერისა (XV).

მღვდელმთავარი ანდრია, კრიტელი არქიეპისკოპოსი დაიბადა ქალაქ დამასკოში მართლმორწმუნე ქრისტიანთა ოჯახში; შვიდ წლამდე იგი მუნჯი იყო. ალაპარაკდა წმიდა ქრისტიანულ საიდუმლოებათა მიღების შემდგომ. ამ დღიდან იგი დაუოკებელი ენერგიით შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. 14 წლისა იერუსალიმს წავიდა და წმიდა საბა კურთხეულმა იგი ბერად აკურთხა.

მღვდელმთავარმა ანდრიამ ბევრი საღვთისმსახურო გალობა შექმნა. იგი ახალი ლიტურგიკული ფორმის — კანონის ფუძემდებელი შეიქნა. მისი კანონებიდან განსაკუთრებით ცნობილია დიდი წესის აგების კანონი, რომელიც თავის ცხრა საგალობელში შეიცავს 250 ტროპარს და დიდმარხვისას იკითხება.
წმიდანის გარდაცვალებაზე ეკლესიის ისტორიკოსებს ერთიანი აზრი არა აქვთ. ზოგი 712, ზოგიც 726 წელს ასახელებს. იგი გარდაიცვალა მოლიტანას კუნძულზე, როდესაც კონსტანტინეპოლიდან კრიტოსზე ბრუნდებოდა, სადაც იმ დროს ეკლესიის საქმეებზე იყო ჩასული. მისი წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს.

ღირსი დედა მართა, სვიმეონ საკვირველმოქმედის მესვეტეს დედა VI საუკუნეში ცხოვრობდა. ტომით ანტიოქიელი იყო. ბავშვობიდანვე მონაზვნობაზე ოცნებობდა, მაგრამ მშობლებმა გათხოვებაზე დაიყოლიეს. ქმარი იოანე სულ მალე მოუკვდა და მართამ მთელი თავისი ძალები შვილის აღზრდას შესწირა.

მღვდელმოწამე თეოდორე, კვირინელი ეპისკოპოსი ცხოვრობდა იმპერატორ დიოკლეტიანეს ზეობისას. თეოდორემ, რომელმაც მწიგნობრულ ხელოვნებაში მაღალ დონეს მიაღწია, ბევრი წიგნი გადაწერა ტაძრებისათვის. ღვიძლმა შვილმა, ლეიუსმა დააბეზღა ოლქის მმართველ დიგლინიანესთან თეოდორე, რომ სახლში ბევრ ქრისტიანულ წიგნს ინახავდა და კერპთაყვანისმცემლობისაგან აცდენდა ხალხს და ქრისტე მაცხოვრის სამსახურისკენ მოუწოდებდა მათ. მღვდელმთავარი თეოდორე სამსჯავროს წარუდგა. იგი დიდხანს აწამეს, ენა ამოაგლიჯეს, ხოლო შემდგომ დილეგში ჩააგდეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

გალატიის ღვთისმშობლის ხატი დასვენებულია გალატიის (კონსტანტინეპოლის ერთ-ერთი უბანი) პერგიაში (კოშკში). წმიდა ხატის პატივსაცემად მონასტერი იყო აშენებული, რომელმაც XVII საუკუნემდე იარსება.

დაიბადნენ:

1487 _ ისმაილ I, სეფიანთა სახელმწიფოს დამაარსებელი. გარდაიცვალა 1524 წელს.

1846 — ნიკოლაი მიკლუხო-მაკლაი, რუსი მოგზაური და ეთნოგრაფი. გარდაიცვალა 1888 წელს.

1888 — სამუელ იოსეფ აგნონი, ებრაელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1970 წელს.

1889 — ერლ სტენლი გარდნერი, ამერიკელი მწერალი. გარდაიცვალა 1970 წელს.

1894 — ჟორჟ ლემეტრი, ბელგიელი ასტრონომი. გარდაიცვალა 1966 წელს.

1928 — კახი ხუციშვილი, მხატვარი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი.

გარდაიცვალნენ:

1790 — ადამ სმიტი, შოტლანდიელი ეკონომისტი და ფილოსოფოსი.

1912 — ანრი პუანკარე, ფრანგი მათემატიკოსი.

1918 — ნიკოლოზ II, რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი, მისი მეუღლე ალექსანდრა და მესამე ქალიშვილი ანასტასია.

1947 — რაულ გუსტავ ვალენბერგი, შვედი დიპლომატი.

1975 _ კონსტანტინე გამსახურდია, მწერალი.

მოვლენები:

1556 წელი —გარისის ბრძოლა. სოფელ გარისთან ლუარსაბ I-მა და მისმა შვილმა სიმონმა სასტიკად დაამარცხეს სპარსეთის ლაშქარი. ამ ბრძოლაში ლუარსაბი დაიღუპა.

ჩვ.წ.აღ-მდე 709 წელი — ჩინელმა ჩუ ბუმ პირველად აღწერა მზის დაბნელება.

1917 წელი — პირველი მსოფლიო ომის დროს დიდი ბრიტანეთის მეფემ გეორგ V-მ გამოსცა კანონი სამეფო ოჯახის წევრების სახელებიდან ყველა გერმანული ტიტულის ამოღების შესახებ. სამეფო დინასტია ამის შემდეგ იწოდება ვინძორებად.

1918 წელი — ეკატერინბურგში დახვრიტეს ნიკოლოზ II და მისი ოჯახი.

ღირსსახსოვარი დღეები:

ლესოტო – მეფის დღე.

პუერტო-რიკო – რივიერის დღე.

სლოვაკეთი _ დამოუკიდებლობის დღე.

ფინეთი _ დემოკრატიის დღე.

სამხრეთ კორეა _ კონსტიტუციის დღე.

სურათზე: კონსტანტინე გამსახურდია, მწერალი.

ვიდეო გალერეა

ბათუმში `ომეგა მოტორსის` BMW-სა და MINI-ს სადილერო ცენტრი გაიხსნა