უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

18 იანვარი, 2019 10:00
font-size

დღის კალენდარი _ 18 იანვარი

წლის მე-18 დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 347 დღე.

საეკლესიო კალენდარი

წმიდა მღვდელმოწამე თეოპემპტოსი, ნიკომიდიის ეპისკოპოსისა და მოწამე თეონასი, მოგვყოფილისა; ღირსი დედის სვინკლიტიკია ალექსანდრიელისა; წმიდა წინასწარმეტყველ მიქეასი; ღირსი დედის აპოლინარიასი; ღირსთა მამათა: ფოსტერი მეუდაბნოისა, მინასი და გრიგოლ კრიტელისა; ღირსმოწამე რომანე კარპენისელისა.

წმიდა წინასწარმეტყველი მიქეა წმიდა წინასწარმეტყველ ილიას თანამედროვე იყო.

მან დაღუპვა უწინასწარმეტყველა აქაბ მეფეს ასირიელებთან ომში, რისთვისაც იგი დილეგში ჩააგდეს. მისი წინასწარმეტყველება აღსრულდა და აქაბ მეფის სიკვდილის შემდეგ წმიდა მიქეა მოწამებრივად აღესრულა ქრისტეს შობამდე დაახლოებით 900 წლით ადრე.

ღირსი ფოსტერ მეუდაბნოე ერის მაღალ მთაზე იღვწოდა. თავისი საკვირველმოქმედების ძალითა და ცხოვრების სიწმინდით მან მრავალნი განაშორა მწვალებლობისაგან.

ღირსი მინა 50 წლის განმავლობაში მოსაგრეობდა სინაის მთის მონასტერში. იგი მშვიდობით ჩაბარდა უფალს VI საუკუნის მეორე ნახევარში.

წმიდა ღირსმოწამე რომანე კარპენისელი დაიბადა ქალაქ მორეაში. იგი ათონის წმიდა მთაზე იღვწოდა ბერად და კონსტანტინოპოლში ევნო ქრისტესათვის მაჰმადიან თურქთაგან, რომელთაც მას თავი მოჰკვეთეს.

ღირსი გრიგოლ კრიტელი დაიბადა კუნძულ კრიტოსზე, 760 წელს. ქრისტიანული აღზრდა-განათლება მან თავის მშობლებთან მიიღო. ეს ის დრო იყო, როცა ხატთმებრძოლი მწვალებლები ავიწროებდნენ მართლმადიდებელ ქრისტიანებს.

ჭაბუკმა გრიგოლმა, იმისთვის, რომ არ გადასულიყო ჭეშმარიტ აღმსარებლობაზე, დასტოვა მშობლიური სახლი და სელეკიაში წავიდა, სადაც კეთილმსახურ ცხოვრებას ეწეოდა.

20 წლის ღირსი გრიგოლი იერუსალიმს გაემგზავრა, სადაც 12 წელიწადი იცხოვრა. იქიდან წმიდანი რომში გადასახლდა და იქ ბერად აღიკვეცა. რომში ღირსი გრიგოლი სულიერად დაუახლოვდა წმიდა მიქაელს, სინადის ეპისკოპოსს, რომელმაც კრიტის კონცხზე მდებარე სავანეში წაიყვანა (მარმარილოს ზღვა). იქ წმიდანი დიდ ღვაწლთ ეწეოდა ბერულ ცხოვრებას. წმიდანი დაახლოებით 820 წელს გარდაიცვალა.

დაიბადნენ:

1689 _ შარლ ლუი დე სეკონდა მონტესკიე, ფრანგი ფილოსოფოსი. გარდაიცვალა 1765 წელს.

1848 _ მეთიუ უები, ინგლისელი კაპიტანი. 1875 წლის აგვისტოში პირველმა გადაცურა ლა-მანშის სრუტე.

1873 _ ალექსანდრე ჩხეტია, სახალხო მასწავლებელი და საზოგადო მოღვაწე. გარდაიცვალა 1949 წელს.

1904 _ ბორის ბაბოჩკინი, რუსი მსახიობი და რეჟისორი. გარდაიცვალა 1975 წელს.

1944 _ ზურაბ ტყემალაძე, ყოფილი პარლამენტარი.

გარდაიცვალნენ:

1223 _ ლაშა-გიორგი IV, საქართველოს მეფე 1213 წლიდან, თამარ მეფისა და დავით სოსლანის ძე.

1547 _ პიეტრო ბემბო, იტალიელი მწერალი, აღორძინების ეპოქის ლიტერატურის თეორეტიკოსი.

1862 _ ჯონ ტაილერი, აშშ-ს მე-10 პრეზიდენტი.

1886 _ ჩესტერ ალან არტური, აშშ-ს 21-ე პრეზიდენტი.

1936 _ ჯოზეფ კიპლინგი, ინგლისელი მწერალი. 1907 წელს ნობელის პრემია მიენიჭა.

მოვლენები:

1535 _ ესპანელმა კონკისკადორმა ფრანცისკო პისარომ დაარსა პერუს დღევანდელი დედაქალაქი ლიმა.

1654 _ პერეისლავსკის რადამ მიიღო გადაწყვეტილება მალორუსიის რუსეთთან მიერთების შესახებ.

1778 _ კაპიტანმა კუკმა აღმოაჩინა სანდვიჩის კუნძულები, რომელიც დღეს ჰავაის სახელითაა ცნობილი.

1801 _ პეტერბურგსა და მოსკოვში გამოქვეყნდა პავლე I-ის მანიფესტი, რომლის ძალითაც ქართლ-კახეთი რუსეთის გუბერნიად ცხადდებოდა.

1871 _ პრუსიის მეფე ვილჰელმი გერმანიის პირველ იმპერატორად გამოაცხადეს.

1871 _ ვერსალში გამოაცხადეს გერმანიის იმპერიის შექმნის შესახებ.

1912 _ ექსპედიციამ რობერტ სკოტის ხელმძღვანელობით სამხრეთ პოლუსს მიაღწია. უკან დაბრუნებისას სკოტი და მისი თანამგზავრები დაიღუპნენ.

1926 _ ეკრანებზე გამოვიდა ეიზენშტაინის ფილმი `პოტემკინის ჯავშანმატარებელი”.

1929 _ ტროცკი საბჭოთა კავშირიდან გაასახლეს.

1990 _ რუსეთის სათათბიროს პირველ სხდომაზე მიიღეს დეკლარაცია რუსეთის ფედერაციის სუვერენიტეტის შესახებ.