უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

22 მაისი, 2018 10:00
font-size

დღის კალენდარი - 22 მაისი

წლის 132-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 224 დღე.

საეკლესიო კალენდარი

აღმოყვანება ნაწილთა წმ. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა მირონ-ლუკიიდან ბარში (1087); მიცვალება ღირსისა შიო მღვიმელისა; წინასწარმეტყველისა ესაიასი (VIII ს. ქრისტეს შობამდე); მოწამისა ქრისტეფორესი (დაახ. 250).

წმიდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ საკვირველმოქმედი მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი იყო.

მღვდელმთავარ ნიკოლოზის წმიდა ნაწილები საზეიმოდ გადაასვენეს ქალაქ ბარში 22 მაისს წმიდა სტეფანეს სახელობის ტაძარში. ამ საზეიმო მსვლელობას სნეულთა მრავალრიცხოვანი სასწაულებრივი კურნება ახლდა თან.

მღვდელმთავარ ნიკოლოზის საკვირველმოქმედების პატივად საქართველოში მრავალი ეკლესია-მონასტერი აიგო. დღემდე შემორჩენილია მრავალი სასწაულმოქმედი ხატი წმიდა მღვდელმთავარისა.

ღირსი შიო მღვიმელი ერთ-ერთი იყო ასურელ ცამეტ მამათაგან, რომლებიც ღვთის ბრძანებით VI საუკუნეში მოვიდნენ საქართველოში ქრისტიანული რწმენის განსამტკიცებლად. იგი დაიბადა სირიის ქალაქ ანტიოქიაში, ქრისტიანთა ოჯახში. 16 წლის შიოს ასკეტური ცხოვრების მისწრაფება გაუჩნდა და როცა მან წმიდა მოღვაწე იოანეს შესახებ შეიტყო, მაშინვე მისკენ გაეშურა. წმიდანმა კი ჭაბუკს მშობლებთან დაბრუნება უბრძანა და უწინასწარმეტყველა მას, რომ მისი დედ-მამა მომავალში მონაზვნები გახდებოდნენ. წმიდა იოანეს წინასწარმეტყველება მალე აღსრულდა და იგი ბერად აღიკვეცა მისივე ხელით.

ოცი წელი იცხოვრა ღირსმა შიომ თავის მოძღვართან სავანეში, რის შემდეგაც წმიდა იოანემ ბრძანება მიიღო ჩვენებით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისგან მის წილხვედრ ქვეყანაში _ საქართველოში წასულიყო თავის თორმეტ მოწაფესთან ერთად და ჭეშმარიტო რწმენის განმტკიცებისათვის ეღვაწა იქ. ღირსი იოანეს 12 მოწაფეთა შორის წმიდა შიოც იყო. საქართველოში ჩამოსული ასურელი წმიდა მამანი, თავიანთი მოძღვრის, წმიდა იოანესა და ქართლის კათალიკოს-პატრიარქის ევლავის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წავიდნენ ღვთის სიტყვის საქადაგებლად; თვით იოანე მცხეთის ახლოს, ზედაზნის მთაზე დადგა და სახელწოდებაც _ ზედაზნელი აქედან მიიღო. ღირსი შიო კი, მას შემდეგ, რაც დიდხანს მოღვაწეობდა წმიდა იოანესთან ზედაზნის მთაზე, მცხეთის დასავლეთით, კლდეში გამოკვეთილ მღვიმეში დასახლდა, დაბა სარკინეთის მახლობლად. მან თავისი სავანე დაარსა და დროთა განმავლობაში 2 ათასამდე ბერს მოუყარა თავი. თავის მონასტერში, სადაც ყოვლადწმიდა სამების ეკლესიაც ააგო, ღირსი შიო მკაცრ ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა მღვიმეში და სავანის ბერებსაც ასწავლიდა ნამდვილ ასკეტურ ცხოვრებას. შემდეგ მღვიმის სავანეში კიდევ ორი ტაძარი ააგეს: პატივად ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და პატივად უფლის წინამორბედის, წმიდა იოანე ნათლისმცემლისა. გადმოცემით წმიდა შიო მღვიმელი ნაყოფიერ ლიტერატურულ მოღვაწეობასაც ეწეოდა _ იგი 160 შრომის შემდგენელი იყო, რომელთაც ჩვენამდე არ მოუღწევიათ.

წმიდა შიო მღვიმელმა აღთქმა მისცა ღმერთს, რომ თავისი ამქვეყნიური სიცოცხლის ბოლო წლებს მღვიმეში გაატარებდა. იგი არასდროს ამოდიოდა მღვიმიდან და ასე, მკაცრი ასკეტური ცხოვრებით გაატარა მან თხუთმეტი წელიწადი. მრავალი წლის განუწყვეტელი, განმარტოებული ლოცვა-ვედრების შემდეგ, წმიდა შიომ უფალს მიაბარა სული.

ეს ღვთის სათნო კაცი დიდის პატივით დაკრძალეს მოწაფეებმა მის მიერვე დაარსებულ სავანეში.

დაიბადნენ:

337 _ კონსტანტინე I დიდი, რომის იმპერატორი, კონსტანტინოპოლის დამაარსებელი.

1813 _ რიხარდ ვაგნერი, გერმანელი კომპოზიტორი, ბაიროიტის მუსიკალური თეატრის (ოპერის) დამაარსებელი. გარდაიცვალა 1883 წელს.

1856 _ ვასილ ბარნოვი, მწერალი. გარდაიცვალა 1934 წელს.

1859 _ არტურ კონან დოილი, ინგლისელი მწერალი. გარდაიცვალა 1930 წელს.

1907 _ ლორენს ოლივიე, გამოჩენილი ინგლისელი თეატრისა და კინოს მსახიობი, რეჟისორი. გარდაიცვალა 1994 წელს.

1908 _ ნიკოლოზ თევზაძე, საქართველოში გეოდეზიისა და მარკშეიდერის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პროფესორი. გარდაიცვალა 1985 წელს.

1924 _ შარლ აზნავური, ფრანგი მსახიობი, მომღერალი.

1940 _ გიორგი ჯაფარიძე, ლიტერატურათმცოდნე, ფოლკლორისტი. გარდაიცვალა 1991 წელს.

გარდაიცვალნენ:

1885 _ ვიქტორ მარი ჰიუგო, ფრანგი მწერალი.

მოვლენები:

1856 _ მოსკოვში შეიქმნა ტრეტიაკოვის გალერეა.

1920 _ თბილისის უნივერსიტეტის ახლანდელი სამეცნიერო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა საბჭოს სხდომა, რომელიც გახსნა კორნელი კეკელიძემ. საჯარო სხდომაზე უნდა გამართულიყო პირველი დისპუტი ქართულ ენაზე სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, რომელიც წილად ხვდა 33 წლის აკაკი შანიძეს. მისი დისერტაცია დაცულია უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფონდში.

1972 _ ცეილონი შრი-ლანკის რესპუბლიკად გამოცხადდა.

1972 _ პირველად მოსკოვში ვიზიტით ჩავიდა აშშ-ს პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი.

ღირსსახსოვარი დღეები:

ჰაიტი _ დამოუკიდებლობის დღე

შრი-ლანკა _ რესპუბლიკის დღე

იემენი _ იემენის ერთიანობის დღე