უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

30 ნოემბერი, 2021 07:41
font-size

დღის კალენდარი - 30 ნოემბერი

წლის 334-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 31 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება წმინდა მოწამეების: გობრონისა, წმინდა ნათლობით მიქაელისა და მასთან ერთად 133 მხედრისა; მღვდელმთავარ გრიგოლ საკვირველმოქმედისა, ნეოკესარიელი ეპისკოპოსისა; ღირსი მამის ნიკონისა, რადონეჟელი იღუმენისა, ღირსი სერგის მოწაფისა; ღირსი მამის ლაზარესი.

წმინდა მოწამეები: გობრონი, წმინდა ნათლობით მიქაელი და მასთან ერთად 133 მხედარი _ ტომით ქართველები იყვნენ. ისინი X საუკუნეში ევნენ ქრისტეს სახელისათვის, როცა საქართველოს სამხრეთ ნაწილს, სომხითს ურჯულო არაბები შემოესივნენ აბულ-კასიმის წინამძღოლობით.

წმინდა მოწამე მიქაელი წარმოშობით დიდგვაროვან ქართველთა ოჯახიდან იყო. სიყრმიდანვე იგი დიდი სიმხნევითა და ვაჟკაცობით გამოირჩეოდა, რისთვისაც სარკინოზებმა მას გობრონი უწოდეს.

914 წელს სარკინოზებმა აბულ-კასიმის წინამძღოლობით მთელი სომხეთი მოაოხრეს, დაიპყრეს ქალაქი დვინი და ყველის ციხესაც შემოეწყვნენ გარს, რომელსაც ნეტარი გობრონი იცავდა თავის მხედრებთან ერთად. სარკინოზებმა ვერაგულად დაარღვიეს საზავო პირობა და ციხე-სიმაგრეში შეიჭრნენ, სადაც მისი მხნე დამცველნი დაატყვევეს გობრონის მეთაურობით.

ქართლის მეფემ ადარნასე მეორემ მრავალი ტყვე გამოისყიდა, მაგრამ გობრონის დაბრუნებაზე არაბებმა უარი განაცხადეს. ამირას წინაშე მიყვანილმა წმინდანმა მხნედ აღიარა რწმენა ქრისტესი და მტკიცე უარი განუცხადა სარკინოზთა მთავარს, რომელიც დიდი გასამრჯელოსა და დიდება-პატივის დაპირებით ცდილობდა თავის რჯულზე მიექცია ქრისტეს აღმსარებელი. მაშინ ამირამ წმინდა გობრონის დასაშინებლად ბრძანა მის თვალწინ გაეჟლიტათ მისი 133 მხედარი. ბოლოს ამირას ბრძანებით წმინდა გობრონს თავი მოჰკვეთეს და 133 მოწამე მხედრის სხეულთან ერთად ერთ დიდ ორმოში ჩააგდეს.

მოწამეთა საერთო საფლავთან მრავალი სნეული იღებდა სასწაულებრივ კურნებას.

ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანთა ხსენების დღედ მათი მოწამებრივი აღსასრულის დღე 30 ნოემბერი (ახ.სტ.) დააწესა.

ღირსი მამა ლაზარე, ხატთმწერალი კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა. იგი ხუცესი იყო და მკაცრ მოსაგრე ცხოვრებას ეწეოდა, რომელშიც მარხვასა და ლოცვის გარდა მის მთავარ საქმიანობას წმინდა ხატების შექმნა შეადგენდა. წმინდანი გარდაიცვალა დაახლოებით 857 წელს. მისი ნეშტი კონსტანტინოპოლში წმინდა ევადრეს სახელობის ეკლესიაში დაკრძალეს.

დაიბადნენ:

1667 _ ჯონათან სვიფტი, ინგლისელი მწერალი. გარდაიცვალა 1745 წელს.

1813 _ შარლ ალკანი, ფრანგი კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1883 წელს.

1817 _ თეოდორ მომზენი, გერმანელი ისტორიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი, გარდაიცვალა 1903 წელს.

1835 _ მარკ ტვენი (სემუელ კლემენზი), ამერიკელი მწერალი, გარდაიცვალა 1910 წელს.

1869 _ ნილს გუსტავ დალენი, შვედი ინჟინერ-გამომგონებელი, ნობელის პრემიის ლაურეატი, გარდაიცვალა 1937 წელს.

1874 _ უინსტონ ჩერჩილი, დიდი ბრიტანეთის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე, ნობელის პრემიის ლაურეატი, გარდაიცვალა 1965 წელს.

1879 _ გრიგოლ გიორგაძე, ქართველი ისტორიკოსი, პუბლიცისტი, იურისტი. გარდაიცვალა 1937 წელს.

1882 _ ნინო დავითაშვილი, ქართველი მსახიობი, გარდაიცვალა 1958 წელს.

1886 _ გიორგი ნიორაძე, ქართველი არქეოლოგი, ქართული არქეოლოგიის ფუძემდებელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გარდაიცვალა 1951 წელს.

1894 _ მარიამ ლეონიძე, პედაგოგი, თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი სტენოგრაფი, ქართული სტენოგრაფიის ფუძემდებელი, გარდაიცვალა 1972 წელს.

1908 _ ელენე ნაკაშიძე, ქართველი ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გარდაიცვალა 1968 წელს.

1929 _ გურამ გურგენიძე, ექიმი-თერაპევტი, ალერგოლოგი, პროფესორი.

გარდაიცვალნენ:

1884 _ რომანოზ გველესიანი, ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი.

1900 _ ოსკარ უაილდი, ცნობილი ინგლისელი მწერალი.

1901 _ ედვარდ ჯონ ეირი, ავსტრალიის ინგლისელი მკვლევარი.

1925 _ სოფრომ მგალობლიშვილი, ქართველი მწერალი-ხალხოსანი.

1957 _ ბენიამინო ჯილი, გამოჩენილი იტალიელი ტენორი.

1972 _ კონსტანტინე მეღვინეთუხუცესი, ქართველი კომპოზიტორი.

1978 _ ალექსანდრე მუსხელიშვილი, საქართველოს ენერგეტიკის სამეცნიერო ცენტრის დაარსების ინიციატორი.

1987 _ ჯეიმს არტურ ბოლდუინი, ამერიკელი მწერალი.

მოვლენები:

1699 _ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტში პირველად აღმართეს ანდრია პირველწოდებულის ალამი.

1700 _ გაიმართა ნარვას ბრძოლა. შვედების არმიამ დაამარცხა რუსთა ჯარი.

1840 _ ნაპოლეონ I-ის ნეშტი წმინდა ელენეს კუნძულიდან პარიზში გადაასვენეს.

1853 _ რუსული ფლოტის გამარჯვება თურქებზე სინოპის მახლობლად.

1872 _ პირველი საერთაშორისო საფეხბურთო მატჩი შოტლანდიასა და ინგლისს შორის დამთავრდა ანგარიშით 0:0.

1939 _ დაიწყო ფინეთ-საბჭოთა კავშირის ომი.

1967 _ იემენმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა.

1968 _ საერთაშორისო საავიაციო ფედერაციამ დააწესა იური გაგარინის სახელობის ოქროს მედალი.

1968 _ ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ არმში მოხდა სასტიკი სისხლიანი შეტაკება კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის.

1976 _ ბრიტანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა კანონი შოტლანდიისა და უელსისათვის ნაწილობრივი ავტონომიური უფლებების მინიჭების შესახებ.

1986 _ ივან ლენდლი პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც კარიერის მანძილზე 10 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

1993 _ ბორის ელცინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის სახელმწიფო გერბი ორთავიანი არწივი გახდა.

2000 _ იაპონიის პარლამენტმა მიიღო კანონი ადამიანის კლონირების აკრძალვის შესახებ.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი